დეკარტი

დეკარტი

ბერტრან არტურ უილიამ რასელი (1872-1970) – ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პაგუოშის კონფერენციების ერთ-ერთი დამაარსებელი, ლოგიციზმის, ნეოპოზიტივიზმის და „ნეიტრალური მონიზმის“ წარმომადგენელი.

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ბერტრან რასელის წიგნიდან – „დასავლური ფილოსოფიის ისტორია (თანამედროვე ფილოსოფია)“.

 

რენე დეკარტი (1596-1650 წწ.), ჩვეულებრივ, განიხილება როგორც თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებელი და, ჩემი აზრით, ეს მართებულია. ის არის დიდი ფილოსოფიური უნარის მქონე პირველი ადამიანი, რომლის მსოფლმხედველობაზე ფუნდამენტური გავლენა იქონია ახალმა ფიზიკამ და ასტრონომიამ. თუმცა მართალია, რომ მის ფილოსოფიაში მრავალი რამ არის შენარჩუნებული სქოლასტიკიდან, ის არ აღიარებს მისი წინამორბედების მიერ ჩაყრილ საფუძველს და ცდილობს, de novo1 ააგოს დასრულებული ფილოსოფიური ნაგებობა. ასეთი რამ არისტოტელეს შემდეგ არ მომხდარა და წარმოადგენს თავდაჯერებულობის ნიშანს, რაც მეცნიერების წინსვლით არის განპირობებული. მის ნაშრომებში იგრძნობა სიახლე, რასაც ვერ შეხვდებით ვერცერთი გამორჩეული ფილოსოფოსის შემოქმედებაში პლატონის შემდეგ. შუა საუკუნეების ყველა ფილოსოფოსი მასწავლებელი იყო, რომელიც ამ პროფესიის აღმატებულობის გრძნობით გახლდათ გამსჭვალული. დეკარტი წერს არა როგორც მასწავლებელი, არამედ როგორც მკვლევარი და აღმომჩენი, რომელიც ისწრაფვის, გადასცეს ის, რაც აღმოაჩინა. მისი სტილი უბრალო და არაპედანტურია და ის უფრო მეტადაა მიმართული სამყაროს განათლებული ადამიანების, ვიდრე მოსწავლეებისადმი. უფრო მეტიც, მისი სტილი გამორჩეულად ამაღლებულია. თანამედროვე ფილოსოფიისთვის მეტად იღბლიანი გარემოებაა ის, რომ მის მამამთავარს ესოდენ დახვეწილი ლიტერატურული გემოვნება ჰქონდა. მისი მიმდევრები, როგორც კონტინენტზე, ისე ინგლისში, კანტის დრომდე ინარჩუნებდნენ მის არაპროფესიონალურ ხასიათს, ზოგიერთი მათგანი კი მის სტილისტურ ღირსებასაც ინარჩუნებს.


დეკარტის მამა ბრეტანის პარლამენტის მრჩეველი იყო და მიწის მცირე ნაკვეთს ფლობდა. დეკარტმა გაყიდა მამის სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობით მიღებული მამული და მოახდინა თანხის ინვესტირება, საიდანაც ექვს თუ შვიდ ათას ფრანკს იღებდა წელიწადში. ის 1604 წლიდან 1612 წლამდე განათლებას იღებდა ლა ფლეშის იუზუიტთა კოლეჯში, რომელმაც, როგორც ჩანს, უფრო საფუძვლიანი ცოდნა მისცა მათემატიკაში, ვიდრე იმ დროის უნივერსიტეტთა უმრავლესობაში მიიღებდა. 1612 წელს ის პარიზში ჩავიდა, სადაც სოციალური ცხოვრება მოსაწყენად მოეჩვენა და განმარტოვდა ფობურ სენ-ჟერმენში, სადაც გეომეტრიით დაკავდა. მაგრამ მეგობრებმა იქაც მიაგნეს, ამიტომ უფრო სრული სიმშვიდის მოსაპოვებლად დეკარტი ჰოლანდიის ჯარში ჩაეწერა (1617 წ.). ვინაიდან იმ დროს ჰოლანდიაში მშვიდობა სუფევდა, დეკარტი, როგორც ჩანს, ორი წლის განმავლობაში გონებაჭვრეტით ტკბებოდა. თუმცა ოცდაათწლიანი ომის დასაწყისმა აიძულა ის, ბავარიის ჯარში ჩაწერილიყო (1619 წ.). სწორედ 1619-1620 წლების ზამთარში, ბავარიაში მოხდა ის, რასაც დეკარტი აღწერს ნაშრომში „მსჯელობა მეთოდის შესახებ“. ცივი ამინდი იყო, დილით ის ღუმელში2 შეძვრა და მთელი დღე იქ გაატარა გონებაჭვრეტაში. მისივე თქმით, თავისი ფილოსოფია ღუმელიდან გამოსვლისას მას სანახევროდ დასრულებული ჰქონდა, მაგრამ ეს სიტყვასიტყვით არ უნდა გავიგოთ. სოკრატეს გონებაჭვრეტა მთელი დღის განმავლობაში შეეძლო თოვლში, მაგრამ დეკარტის გონება მხოლოდ თბილ გარემოში მუშაობდა.


1621 წელს მან თავი დაანება ბრძოლას. იტალიაში ვიზიტის შემდეგ ის 1625 წელს პარიზში დაფუძნდა. მაგრამ მეგობრები კვლავ სტუმრობდნენ, სანამ მას ჯერ კიდევ ეძინა (ის იშვიათად დგებოდა ლოგინიდან შუადღემდე) და ამიტომ 1628 წელს ის კვლავ ჩაირიცხა ჯარში, რომელიც ლა როშელს, ჰუგენოტთა დასაყრდენს, ალყაში აქცევდა. ამ ეპიზოდის დასრულების შემდეგ მან ჰოლანდიაში ცხოვრება გადაწყვიტა, სავარაუდოდ, დევნის საფრთხის თავიდან ასაცილებლად. დეკარტი იყო მოკრძალებული ადამიანი, პრაქტიკოსი კათოლიკე, თუმცა იგი გალილეოს ერესს იზიარებდა. ზოგიერთის აზრით, მას გაგებული ჰქონდა გალილეოს პირველი (ფარული) მსჯავრდების შესახებ, რაც 1616 წელს მოხდა. როგორც არ უნდა იყოს, მან გადაწყვიტა, არ გამოექვეყნებინა დიდი წიგნი „სამყარო“, რომელზეც მუშაობდა. მიზეზი ის გახლდათ, რომ წიგნი ორ ერეტიკულ დოქტრინას შეიცავდა: დედამიწის ბრუნვასა და სამყაროს უსასრულობას (ეს წიგნი სრულად არასოდეს გამოქვეყნებულა, მაგრამ ფრაგმენტები მისი სიკვდილის შემდეგ დაიბეჭდა).


ჰოლანდიაში ის ოცი წლის განმავლობაში (1629-1649 წწ.) ცხოვრობდა, თუ რამდენიმე ხანმოკლე და საქმიან ვიზიტს არ ჩავთვლით საფრანგეთში და ერთს ინგლისში. შეუძლებელია XVII საუკუნის ჰოლანდიის მნიშვნელობის გადაჭარბებული შეფასება, რადგან ეს იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც აზროვნების თავისუფლება არსებობდა. ჰობსი იძულებული იყო, იქ დაებეჭდა თავისი წიგნები; ლოკმა იქ იპოვა თავშესაფარი ინგლისის რეაქციის ხუთი ყველაზე მძიმე წლის განმავლობაში 1688 წლამდე; ბეილი („ლექსიკონის“ შემქმნელი) აუცილებლად მიიჩნევდა იქ ცხოვრებას და სპინოზასაც რთულად თუ მისცემდნენ თავისი შრომის შექმნის უფლებას სხვა ქვეყანაში.


მე ვახსენე, რომ დეკარტი მოკრძალებული ადამიანი იყო, მაგრამ შესაძლოა უფრო მართებული იმის თქმა იყოს, რომ მას ჰქონდა სიმშვიდის სურვილი, რათა შეუფერხებლად ემუშავა თავის წიგნებზე. ის ყოველთვის ცდილობდა სასულიერო პირთა, განსაკუთრებით, იეზუიტების, კეთილგანწყობის მოპოვებას, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ ძალაუფლებაში იმყოფებოდა, არამედ ჰოლანდიაში ემიგრაციის შემდეგაც. მისი ფსიქოლოგია ბუნდოვანია, მაგრამ მე მომხრე ვარ, ვიფიქრო, რომ ის გულწრფელი კათოლიკე იყო და ცდილობდა, დაერწმუნებინა ეკლესია – როგორც საკუთარი, ისე ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე – ნაკლები მტრობა გამოემჟღავნებინა თანამედროვე მეცნიერებისადმი, ვიდრე ეს გალილეოს შემთხვევაში აჩვენა. არიან ისეთები, ვინც ფიქრობს, რომ დეკარტის ორთოდოქსია მხოლოდ პოლიტიკური ხასიათისაა და თუმცა ასეთი თვალსაზრისი შესაძლებელია, არ მიმაჩნია, რომ ის ყველაზე მეტად სავარაუდო იყოს.


ის ჰოლანდიაშიც კი დასანანი თავდასხმების ობიექტი იყო, მაგრამ არა რომის ეკლესიის, არამედ პროტესტანტი ფანატიკოსების მხრიდან. ამბობდნენ, რომ მისმა შეხედულებებმა იგი ათეიზმამდე მიიყვანა და მას განდევნიდნენ, რომ არა საფრანგეთის ელჩისა და ორანჟის პრინცის ჩარევა. შეტევები წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა სხვა, ნაკლებად პირდაპირი შეტევა განხორციელდა რამდენიმე წლის შემდეგ ლეიდენის უნივერსიტეტის ავტორიტეტთა მხრიდან, რომელმაც აკრძალა მისი ყოველგვარი ხსენება კეთილსასურველიც და არაკეთილსასურველიც. საქმეში კვლავ ორანჟის პრინცი ჩაერია და უნივერსიტეტს ურჩია, უგუნურება არ ჩაედინა. ეს გვიჩვენებს იმ სარგებელს, რაც პროტესტანტულ ქვეყნებს სახელმწიფოსადმი ეკლესიის დაქვემდებარებამ და იმ ეკლესიების შედარებითმა სისუსტემ მოუტანა, რომლებიც საერთაშორისო არ იყო.


სამწუხაროდ, სტოკჰოლმში საფრანგეთის ელჩის, შანიუს მეშვეობით დეკარტმა მიმოწერა გამართა შვედეთის დედოფალ ქრისტინესთან, მგზნებარე და სწავლულ ქალბატონთან, რომელსაც მიაჩნდა, რომ როგორც სუვერენს, უფლება ჰქონდა დიდი ადამიანისთვის დრო წაერთმია. დეკარტმა მას გაუგზავნა ტრაქტატი სიყვარულის შესახებ, იმ თემის შესახებ, რომელსაც ის იმ დრომდე ერთგვარად უგულებელყოფდა. გარდა ამისა, მან დედოფალს გაუგზავნა ნაშრომი სულის ვნებათა შესახებ, რომელიც თავდაპირველად პრინცესა ელისაბედის, პფალცგრაფის კურფიურსტის ასულისთვის შექმნა. ამ ნაწერებმა აიძულა დედოფალი, დეკარტის კარზე ყოფნა მოეთხოვა. საბოლოოდ, ეს უკანასკნელი დათანხმდა და დედოფალმა მას ხომალდი გაუგზავნა (1649 წლის სექტემბერი). აღმოჩნდა, რომ დედოფალს მისგან ყოველდღიური გაკვეთილების მიღება სურდა, მაგრამ სხვა დრო არ ჰქონდა, გარდა დილის ხუთი საათისა. ადრეული დილით გაღვიძება სკანდინავიური ზამთრის სიცივეში, რასაც დეკარტი მიუჩვეველი იყო, საუკეთესო რამ არ გახლდათ სუსტი ადამიანისთვის. მეტიც, შანიუ სერიოზულად დაავადდა და დეკარტს მისი მოვლა უწევდა. ელჩი გამოჯანმრთელდა, მაგრამ დეკარტი გახდა ავად და 1650 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.


დეკარტი არასოდეს დაქორწინებულა, მაგრამ ჰყავდა უკანონო ქალიშვილი, რომელიც ხუთი წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი თქმით, ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე დიდი მწუხარება. დეკარტი ყოველთვის კარგად იყო ჩაცმული და მახვილს ატარებდა. ის არ იყო შრომისმოყვარე, მუშაობდა რამდენიმე საათს და ცოტას კითხულობდა. როდესაც ჰოლანდიას ესტუმრა, თან მხოლოდ რამდენიმე წიგნი წაიღო, მაგრამ მათ შორის იყო ბიბლია და თომა აკვინელის თხზულებები. როგორც ჩანს, თავის ნაშრომებს დეკარტი ქმნიდა უდიდესი კონცენტრაციის ხარჯზე ხანმოკლე პერიოდების განმავლობაში. მაგრამ შესაძლოა, რომ მას მოყვარული არისტოკრატის იერის დემონსტრირება სურდა და თავს აჩვენებდა, თითქოს იმაზე ცოტას მუშაობდა, ვიდრე სინამდვილეში, რადგან საპირისპირო შემთხვევაში მის მიღწევებს რთულად თუ ვირწმუნებდით.


დეკარტი იყო ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მეცნიერი. ფილოსოფიასა და მათემატიკაში მის შრომებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მეცნიერებაში მისი შრომები ქებას იმსახურებს, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ზოგიერთი მისი თანამედროვის თხზულებები.


გეომეტრიაში შეტანილი მისი უდიდესი წვლილი ანალიზური გეომეტრიის შექმნაში მდგომარეობს, თუმცა არა საბოლოო სახით. ის იყენებდა ანალიტიკურ მეთოდს, რომლის საფუძვლად დევს დაშვება, რომ პრობლემა გადაჭრილია და შემდეგ ხდება ამ დაშვების შედეგების კვლევა. გეომეტრიის მიმართ მან ალგებრა გამოიყენა. ორივე შემთხვევაში მას წინამორბედები ჰყავდა, ხოლო პირველს რაც შეეხება, თვით ანტიკური ხანის მეცნიერთა შორის. ორიგინალური მასთან არის კოორდინატების გამოყენება, ანუ წერტილის მდებარეობის განსაზღვრა სიბრტყეზე ორი ფიქსირებული ხაზიდან დაშორების საშუალებით. ამ მეთოდის მთელი ძალა მისი აღმოჩენილი არ არის, მაგრამ მან საკმარისი გააკეთა შემდგომი წინსვლის გაადვილებისთვის. ეს სრულებით არ იყო მისი ერთადერთი წვლილი მათემატიკაში, თუმცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.


წიგნი, რომელშიც მან მეცნიერული თეორიების დიდი ნაწილი ჩამოაყალიბა, გახლავთ Principia Philosophiae3, გამოქვეყნებული 1644 წელს. თუმცა არსებობს მისი სხვა მნიშვნელოვანი წიგნებიც: Essais philosophiques4 (1637 წ.), რომელიც ოპტიკასა და გეომეტრიას ეძღვნება. კიდევ ერთი წიგნის სახელწოდებაა De la formation du foetus5. ის მიესალმა ჰარვის მიერ სისხლის მიმოქცევის აღმოჩენას და ყოველთვის იმედოვნებდა (ამაოდ) რაიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენის გაკეთებას მედიცინაში. ადამიანებისა და ცხოველთა სხეულებს ის მანქანებად განიხილავდა. ცხოველებს მიიჩნევდა ავტომატებად, რომლებიც მხოლოდ ფიზიკის კანონებს ექვემდებარებოდნენ და არ გააჩნდათ შეგრძნება ან ცნობიერება. ადამიანები განსხვავდებიან: მათ აქვთ სული, რომელიც ჯალღუზისებრ ჯირკვალშია მოთავსებული. ის ამყარებს სულის კონტაქტს „სასიცოცხლო ძალებთან“ [vital spirits] და ამ კონტაქტის მეშვეობით ხდება ურთიერთქმედება სულსა და სხეულს შორის. მოძრაობის ჯამური რაოდენობა სამყაროში მუდმივია, შესაბამისად, სულს არ ძალუძს მასზე ზემოქმედება, მაგრამ მას ძალუძს ცხოველური ძალების [animal spirits] და, შესაბამისად, არაპირდაპირ, სხეულის სხვა ნაწილების მოძრაობის მიმართულების შეცვლა.


თეორიის ეს ნაწილი მისმა სკოლამ უარყო, თავდაპირველად ნიდერლანდელმა მოწაფემ გოილინქსმა, შემდეგ კი მალბრანშმა და სპინოზამ. ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს იმპულსის შენახვის კანონი, რომლის მიხედვით, მოძრაობის ჯამური რაოდენობა სამყაროში ნებისმიერი მოცემული მიმართულებით მუდმივია. ამან უჩვენა, რომ რაღაც, რაც მატერიაზე გონების ზემოქმედების მსგავსია და რაც დეკარტს წარმოედგინა, შეუძლებელია. თუ დავუშვებთ, როგორც უკიდურესად ზოგადად იყო დაშვებული კარტეზიანული სკოლის მიერ, რომ ყველა ფიზიკურ მოძრაობას ზემოქმედების ბუნება აქვს, დინამიკის კანონები საკმარისი აღმოჩნდება მატერიის მოძრაობის განსაზღვრისთვის და, შესაბამისად, აღარ რჩება სივრცე გონების ზემოქმედებისთვის. მაგრამ აქ სირთულე იქმნება. ჩემი ხელი მოძრაობს, როდესაც მე მნებავს, რომ მან იმოძრაოს, მაგრამ ჩემი ნება არის მენტალური მოვლენა, ხოლო ჩემი ხელის მოძრაობა – ფიზიკური მოვლენა. თუკი გონებასა და მატერიას არ ძალუძს ურთიერთქმედება, რატომ იქცევა ჩემი სხეული ისე, თითქოს ჩემი გონება აკონტროლებდეს მას? ამის პასუხად გოილინქსმა შექმნა ის, რაც „ორი საათის“ თეორიის სახელით არის ცნობილი. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ორი საათი და ორივე ერთსა და იმავე დროს უჩვენებს: როდესაც ერთი უჩვენებს საათს, მეორე რეკავს. ამგვარად, თუ თქვენ დაინახავთ ერთს და გაიგონებთ მეორეს, იფიქრებთ, რომ პირველმა გამოიწვია მეორის რეკვა. ასეთივეა ვითარება გონებასა და სხეულთან მიმართებით. ღმერთის მიერ არის თითოეული მათგანისთვის დაწესებული, რომ მეორესთან სინქრონულად იმოქმედოს. ასე რომ, ჩემი ნებელობის შემთხვევაში, წმინდად ფიზიკური კანონები აიძულებს ჩემს ხელს მოძრაობას, თუმცა ჩემი ნება რეალურად არ ზემოქმედებდა ჩემს სხეულზე. 


რასაკვირველია, ეს თეორია სირთულეებს შეიცავდა. უპირველეს ყოვლისა, ის ძალიან უცნაური იყო. მეორე, რადგან ფიზიკური მოვლენები მკაცრად იყო განსაზღვრული ბუნებრივი კანონებით, მენტალური მოვლენები, რომლებიც მათ პარალელურად მიმდინარეობს, ამდენადვე განსაზღვრული უნდა იყოს. თუ თეორია ჭეშმარიტია, უნდა არსებობდეს რაღაც, ლექსიკონის მსგავსი, რომელიც თითოეულ ცერებრალურ მოვლენას შესაბამის მენტალურ მოვლენად გადათარგმნის. იდეალური კალკულატორი ცერებრალურ მოვლენას დინამიკის კანონების მიხედვით გამოთვლიდა და თანმდევ მენტალურ მოვლენას „ლექსიკონის“ საშუალებით გამოიყვანდა. კალკულატორი „ლექსიკონის“ გამოყენების გარეშეც შეძლებდა ნებისმიერი სიტყვისა და ქმედების გამოყვანას, რადგან ისინი სხეულებრივ მოძრაობებს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისის მორიგება ქრისტიანულ ეთიკასა და ცოდვისთვის დასჯასთან რთული იქნებოდა.


თუმცა ეს შედეგები იმთავითვე ცხადი არ იყო. თეორიას, როგორც გაირკვა, ორი ღირსება გააჩნდა. პირველი ის გახლდათ, რომ მან სული, გარკვეული აზრით, სრულიად დამოუკიდებელი გახადა სხეულისგან, რადგან ის არასოდეს იმყოფებოდა სხეულის ზემოქმედების ქვეშ. მეორე გახლდათ ზოგადი პრინციპის დაშვება, რომლის თანახმად, „ერთ სუბსტანციას არ ძალუძს მეორეზე ზემოქმედება“. არსებობდა ორი სუბსტანცია, გონება და მატერია, და ისინი იმდენად განსხვავებული იყო, რომ მათ შორის ურთიერთქმედება წარმოუდგენლად მოჩანდა. გოილინქსის თეორიამ განმარტა ურთიერთქმედების მოჩვენებითობა, იმავდროულად კი უარყო მისი რეალურობა.


მექანიკაში დეკარტი აღიარებს მოძრაობის პირველ კანონს, რომლის შესაბამისად, თავის თავს მინდობილი სხეული მუდმივი სიჩქარით იმოძრავებს სწორ ხაზზე. მაგრამ, დეკარტის მიხედვით, არ არსებობს მოძრაობა დისტანციაზე, როგორც ეს შემდგომში ნიუტონის მიზიდულობის თეორიაში მტკიცდებოდა. არ არსებობს ვაკუუმი და არ არსებობს ატომები. მიუხედავად ამისა, ყველა ურთიერთქმედება ზემოქმედების ხასიათს ატარებს. საკმარისი ცოდნა რომ გვქონოდა, ქიმიასა და ბიოლოგიას მექანიკაზე დავიყვანდით. პროცესი, რომლის მეშვეობით თესლი ცხოველად ან მცენარედ გადაიქცევა, წმინდად მექანიკურია. არ არსებობს არისტოტელეს სამი სულის საჭიროება. არსებობს მხოლოდ ერთი, რაციონალური სული და ისიც მხოლოდ ადამიანში. 


თეოლოგიური ცენზურის თავიდან აცილების მიზნით დეკარტი საკმაო სიფრთხილით ავითარებს თავის კოსმოგონიას, რომელიც პლატონამდე არსებული ფილოსოფოსების შეხედულებებთან მსგავსებას ამჟღავნებს. მისი თქმით, ჩვენ ვიცით, რომ სამყარო ისე შეიქმნა, როგორც „დაბადების“ წიგნშია მოცემული, მაგრამ საინტერესოა იმის ნახვა, როგორ შეძლებდა ის, ბუნებრივად გაზრდილიყო. მან გრიგალების ფორმირების თეორია დაამუშავა: მზის გარშემო არის უზარმაზარი გრიგალი სივრცეში, რომელიც პლანეტებსაც იზიდავს. თეორია გენიალურია, მაგრამ ვერ განმარტავს, რატომ არის პლანეტათა ორბიტები ელიფსური და არა წრიული. ის საყოველთაოდ იყო მიღებული საფრანგეთში, სადაც თანდათანობით განიდევნა ნიუტონის თეორიის მიერ. კოტსი, ნიუტონის Principia-ს პირველი ინგლისური გამოცემის გამომცემელი, მჭევრმეტყველურად ამტკიცებდა, რომ გრიგალების თეორიას ათეიზმისკენ მივყავართ, ხოლო ნიუტონის თეორია ღმერთს საჭიროებს, რათა პლანეტებს მოძრაობა მიანიჭოს მიმართულებით მზიდან და არა მზისკენ. ის ფიქრობს, რომ ამ საფუძვლით ნიუტონს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.


ახლა კი მივუახლოვდით დეკარტის ორ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს, რაც წმინდა ფილოსოფიას შეეხება. ესენია „მსჯელობა მეთოდის შესახებ“ (1637 წ.) და „მეტაფიზიკური განაზრებანი“ (1642 წ.). ისინი დიდწილად ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ მათი ცალ-ცალკე განხილვის აუცილებლობა არ არსებობს.


ამ წიგნებს დეკარტი იწყებს „კარტეზიანული დაეჭვების“ განმარტებით, როგორც მას მოგვიანებით უწოდეს. იმისათვის, რათა მყარი საფუძველი ჰქონდეს თავისი ფილოსოფიისთვის, ის გადაწყვეტს, ეჭვი შეიტანოს ყველაფერში. რადგან იგი ხვდება, რომ პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება, იგი გადაწყვეტს, ამასობაში თავისი ქცევა საყოველთაოდ აღიარებული წესების მიხედვით დაარეგულიროს. ეს მის გონებას გაათავისუფლებს პრაქტიკასთან მიმართებით მისი ეჭვების შესაძლო შედეგებზე ფიქრისგან.


დეკარტი იწყებს სკეპტიციზმით გრძნობებთან მიმართებით. იგი კითხულობს: შემიძლია თუ არა ეჭვის შეტანა იმაში, რომ ბუხრის წინ ვზივარ ხალათით შემოსილი? დიახ, რადგან ხშირად დამსიზმრებია, რომ აქ ვარ, როდესაც სინამდვილეში ლოგინში ვიწექი გახდილი (ღამის პიჟამა და პერანგი ჯერ არ იყო გამოგონილი). მეტიც, შეშლილებს ხშირად აქვთ ჰალუცინაციები. ამგვარად, შესაძლებელია მეც მსგავს მდგომარეობაში ვიყო.


თუმცა სიზმრები, მხატვრების მსგავსად, რეალური საგნების მხოლოდ ასლებს გვთავაზობს, ყოველ შემთხვევაში, მათ ელემენტებთან მიმართებით (შესაძლოა, ფრთიანი ცხენი გესიზმროთ მხოლოდ იმიტომ, რომ ცხენები და ფრთები იხილეთ). შესაბამისად, სხეულებრივი ბუნება ზოგადად, ისეთი საგნების ჩათვლით, როგორებიცაა განფენილობა, სიდიდე და რაოდენობა, უფრო ნაკლებად ექვემდებარება დაეჭვებას, ვიდრე კერძო საგნების რწმენა. ამიტომ არითმეტიკა და გეომეტრია, რომლებსაც არ აქვს საქმე კერძო საგნებთან, უფრო სანდოა, ვიდრე ფიზიკა და ასტრონომია. ისინი სიზმრის ობიექტებთან მიმართებითაც უფრო ჭეშმარიტია, რომლებიც რეალური საგნებისგან არ განსხვავდება რაოდენობასა და განფენილობასთან მიმართებით. თუმცა დაეჭვება თვით არითმეტიკასა და გეომეტრიასთან მიმართებითაც არის შესაძლებელი. შესაძლოა, ღმერთი მაიძულებდეს, შევცდე, როდესაც კვადრატის გვერდების დათვლას ან 2-სა და 3-ის შეკრებას ვცდილობ. ალბათ, წარმოსახვაშიც მცდარია ასეთი სიავის ღმერთისთვის მიწერა, მაგრამ შესაძლოა, არსებობდეს ბოროტი დემონი, არანაკლებ ცბიერი და ვერაგი, ვიდრე ძლევამოსილი, რომელმაც მთელი თავისი ოსტატობა გამოიყენა ჩემს შეცდომაში შესაყვანად. ასეთი დემონი რომ არსებობდეს, შესაძლოა ყველა საგანი, რომელსაც ვხედავ, მხოლოდ ილუზია იყოს, რომელსაც ის მახედ იყენებს ჩემი მიმნდობლობისთვის.


თუმცა რჩება რაღაც, რაშიც ეჭვი არ მეპარება: ვერცერთი დემონი ვერ შემიყვანს შეცდომაში, თუ მე არ ვიარსებებ. შესაძლოა არ მქონდეს სხეული: ეს შეიძლება ილუზია იყოს. მაგრამ აზრი სხვაა. „მაგრამ მყისვე თავში გამიელვა აზრმა – ზუსტად იმ დროს, როდესაც ყველაფრის მოჩვენებითობად, მცდარად მიჩნევის სურვილი აღმეძვროდა, აუცილებელი ხდებოდა, რომ თავად მე – ვინც ასე ვფიქრობდი, წარმოვადგენდე რაღაცას; დავინახე, რომ ეს ჭეშმარიტება – ვაზროვნებ, მაშასადამე ვარ – იმდენად მყარი და შეუქცევადი გახლდათ, ახირებულ სკეპტიკოსთა ყველაზე თვალშისაცემი ვარაუდებიც კი ვერ შეარყევდა. და მივიღე დასკვნა(დ): ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შემეძლო იგი მიმეღო პირველ საწყისად იმ ფილოსოფიისა, მე რომ ვეძიებდი“.6,7


ეს პასაჟი დეკარტის შემეცნების თეორიის დედაარსია და შეიცავს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მის ფილოსოფიაში. ფილოსოფოსთა უმეტესობა დეკარტის შემდეგ ხაზს უსვამდა შემეცნების თეორიის მნიშვნელობას, ეს კი მნიშვნელოვანწილად მისი დამსახურებაა. „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“ გონებას უფრო სანდოდ აქცევს, ვიდრე მატერიას, ხოლო ჩემს გონებას (ჩემთვის) უფრო სანდოდ, ვიდრე სხვათა გონებას. ამგვარად, ყოველ ფილოსოფიაში, რომელიც დეკარტიდან მომდინარეობს, არსებობს მიდრეკილება სუბიექტივიზმისა და მათში მატერია განიხილება როგორც ერთადერთი რამ, რომლის შემეცნება შესაძლებელია (თუკი საერთოდ შესაძლებელია რაიმეს ცოდნა) იქიდან დასკვნით, რაც გონების შესახებ არის ცნობილი. ეს ორი ტენდენცია არსებობს როგორც კონტინენტურ იდეალიზმში, ისე, ბრიტანულ ემპირიზმში. პირველში ის საზეიმოდაა გაცხადებული, მეორეში – მწუხარებით. მცირე ხნის წინ მიმართეს ამ სუბიექტივიზმისგან თავის დაღწევის მცდელობას ფილოსოფიური მიმდინარეობის მეშვეობით, რომელიც ინსტრუმენტალიზმის სახელით არის ცნობილი, მაგრამ მის შესახებ ახლა არ ვისაუბრებ. ამ გამონაკლისის გარდა, თანამედროვე ფილოსოფიამ თავისი პროლემების ფორმულირება, მნიშვნელოვანწილად, დეკარტისგან მიიღო, თუმცა არ მიუღია მისი გადაწყვეტილებები.


მკითხველს ემახსოვრება, რომ ნეტარმა ავგუსტინემ წამოაყენა არგუმენტი, რომელიც ძალიან ჰგავს cogito-ს. თუმცა მას ყურადღება არ მიუქცევია მისთვის, ხოლო პრობლემა, რომლის გადაჭრას იგი ცდილობდა, მისი ნააზრევის მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებს. შესაბამისად, უნდა ვაღიაროთ დეკარტის ორიგინალურობა, თუმცა ის უფრო არგუმენტის მნიშვნელობის აღქმაში მდგომარეობს, ვიდრე მის პოვნაში. 


მყარი საფუძვლის უზრუნველყოფის შემდეგ დეკარტი ცოდნის შენობის ხელახლა აგებას შეუდგა. „მე“, რომლის არსებობა დამტკიცდა, გამოყვანილია იმ ფაქტიდან, რომ ვაზროვნებ; შესაბამისად ვარსებობ, როდესაც ვაზროვნებ და მხოლოდ მაშინ. თუ აზროვნებას შევწყვეტ, ჩემი არსებობის მტკიცებულება გაქრება. მე ვარ საგანი, რომელიც აზროვნებს, სუბსტანცია, რომლის მთელი ბუნება, ანუ არსება აზროვნებისგან შედგება და რომელიც არსებობისთვის ადგილს ან მატერიალურ საგანს არ საჭიროებს. შესაბამისად, სული სრულიად განსხვავებულია სხეულისგან და უფრო ადვილად შესაცნობია, ვიდრე სხეული. ის იმავედ დარჩებოდა, რაც არის, სხეული საერთოდ რომ არ არსებობდეს.


შემდეგ დეკარტი საკუთარ თავს შეკითხვას უსვამს: რატომ არის cogito ergo sum ასეთი დამაჯერებელი? ის პასუხობს, რომ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ის ცხადი და მკაფიოა. შესაბამისად, ის ზოგად წესად იღებს პრინციპს: ყველა საგანი, რომელსაც ჩვენ საკმაოდ ცხადად და მკაფიოდ აღვიქვამთ, ჭეშმარიტია. მიუხედავად ამისა, ის აღიარებს, რომ ზოგჯერ რთულია იმის გაგება, თუ რომელია ასეთი საგნები.


სიტყვას „აზროვნება“ დეკარტი ერთობ ფართო მნიშვნელობით იყენებს. ის ამბობს, რომ საგანი, რომელიც აზროვნებს, არის საგანი, რომელიც ეჭვობს, იგებს, აღიქვამს, ამტკიცებს, უარყოფს, ინებებს, წარმოიდგენს და გრძნობს, რადგან გრძნობა, როგორც ეს სიზმრად ხდება, აზროვნების ფორმაა. ვინაიდან აზროვნება გონების არსია, გონებამ გამუდმებით უნდა იაზროვნოს, თუნდაც ღრმა ძილის დროს.


შემდეგ დეკარტი უბრუნდება ჩვენ მიერ სხეულთა შემეცნების საკითხს. მაგალითის სახით ის განიხილავს ფიჭიდან ამოღებულ ცვილის ნაჭერს. ზოგიერთი რამ გრძნობებისთვის აშკარაა: ცვილს აქვს თაფლის გემო, ყვავილების სურნელი, კონკრეტული, აღქმადი ფერი, ზომა და ფორმა, ის არის მყარი და ცივი, ხოლო თუ დავარტყამთ, ის ხმას გამოსცემს. მაგრამ თუ მას ცეცხლთან ახლოს დავდებთ, ის შეიცვლის თვისებებს, თუმცა ცვილი შენარჩუნდება. შესაბამისად, ის, რაც გრძნობებს წარმოუდგა, არ იყო თვით ცვილი. თავად ცვილი შედგება განფენილობის, მოქნილობისა და მოძრაობისგან, რომლებიც მისაწვდომია გონებისა და არა წარმოსახვისთვის. საგანი, რომელიც ცვილს წარმოადგენს, თვითონ ვერ იქნება გრძნობით აღქმადი, რადგან ის თანაბრად არის მოქცეული ცვილის ყველა გამოვლენაში გრძნობის სხვადასხვა ორგანოსთვის. ცვილის წვდომა „არ არის არც ხედვა, არც შეხება, არც წარმოდგენა და არც არასოდეს ყოფილა, თუმცა აქამდე ასე ჩანდა; ეს არის მხოლოდ გონითი ჭვრეტა“8. მე იმაზე მეტად ვერ ვხედავ ცვილს, ვიდრე ადამიანებს ქუჩაში, როდესაც ქუდებსა და მოსასხამებს ვხედავ. „მხოლოდ განსჯის წყალობით, რომელიც ჩემს გონებაშია, მე ვიგებ იმას, რასაც მეგონა თვალით ვხედავდი“9. შემეცნება გრძნობების მეშვეობით უწესრიგოა და ცხოველებთან გვაერთიანებს. მაგრამ ახლა მე გავხადე ცვილს სამოსი და გონებით აღვიქვამ მას შიშველს. ჩემ მიერ ცვილის გრძნობადი აღქმისგან ჩემი არსებობა უეჭველად გამომდინარეობს, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით ცვილის არსებობის შესახებ. გარეგანი საგნების შემეცნება უნდა ხორციელდებოდეს გონებით და არა გრძნობებით.


ეს სხვადასხვა სახის იდეების განხილვას იწვევს. დეკარტის თქმით, ყველაზე გავრცელებული შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ჩემი იდეები გარეგან საგნებს ჰგავს (სიტყვა „იდეა“, როგორც მას დეკარტი იყენებდა, გრძნობად აღქმებს შეიცავს). როგორც ჩანს, იდეები სამი სახისაა: 1) თანდაყოლილი; 2) უცხო, რომლებიც გარედან მოდის; 3) ჩემ მიერ გამოგონილი. ჩვენ ბუნებრივად მიგვაჩნია, რომ მეორე სახის იდეები გარეგან ობიექტებს ჰგავს. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ ბუნება გვასწავლის ასე ფიქრს, ნაწილობრივ კი იმ მიზეზით, რომ ასეთი იდეები ნებისგან დამოუკიდებლად გვეწვევა (ანუ გრძნობის მეშვეობით) და, შესაბამისად, გონივრულია იმის დაშვება, რომ უცხო საგანი თავისი ხატის ანაბეჭდს ტოვებდეს ჩემში. მაგრამ გონივრულია თუ არა ეს ყველაფერი? როდესაც მე ამასთან კავშირში ვსაუბრობ „ბუნების მიერ განსწავლულობის“ შესახებ, მხოლოდ იმას ვგულისხმობ, რომ გარკვეული მიდრეკილება მაქვს, მჯეროდეს ასე და არა იმას, რომ ამას ბუნებრივი სინათლით ვხედავ. შეუძლებელია იმის უარყოფა, რასაც ბუნებრივი სინათლით ვხედავთ, მაგრამ უბრალო მიდრეკილება შეიძლება იმისკენაც იყოს მიმართული, რაც მცდარია. ვინაიდან გრძნობითი იდეები უნებლიეა, ეს არ წარმოადგენს არგუმენტს, რადგან სიზმრებიც უნებლიეა და ისინიც გარედან მოდის. შესაბამისად, საფუძველი იმის ვარაუდისთვის, რომ გრძნობითი იდეები გარედან მოდის, არადამაჯერებელია.


უფრო მეტიც, ზოგჯერ არსებობს ერთი და იმავე გარეგანი ობიექტის ორი განსხვავებული იდეა, მაგალითად, მზე, როგორც ის გრძნობის ორგანოებს ევლინება და მზე, რომლისაც ასტრონომებს სწამთ. ორივე მათგანი ვერ იქნება მზის მსგავსი, ხოლო განსჯა გვიჩვენებს, რომ ის აღქმა, რომელიც უშუალოდ გამოცდილებიდან მოდის, ნაკლებად იქნება მზის მსგავსი.


მაგრამ ამ მოსაზრებებმა ვერ აღმოფხვრა სკეპტიკური არგუმენტები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდა გარე სამყაროს არსებობას. ამის გაკეთება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუკი თავდაპირველად ღმერთის არსებობას დავამტკიცებთ. 


ღმერთის არსებობის დეკარტისეული მტკიცებები ორიგინალურობით არ გამოირჩევა. უმეტესწილად ისინი სქოლასტიკური ფილოსოფიიდან მოდის. ლაიბნიცმა ისინი უკეთესად ჩამოაყალიბა, ამიტომ მათ ლაიბნიცთან ერთად განვიხილავ.


ღმერთის არსებობის დამტკიცების შემდეგ სხვა დანარჩენი იოლად გამოიყვანება. რადგან ღმერთი კეთილია, ის არ იმოქმედებს ვერაგი დემონის მსგავსად, რომელიც დეკარტმა ეჭვის საფუძვლად წარმოისახა. ღმერთმა იმდენად ძლიერი მიდრეკილებით აღმჭურვა, მწამდეს სხეულების არსებობა, რომ ის მატყუარა იქნებოდა, თუ არაფერი იარსებებდა. შესაბამისად, სხეულები არსებობს. უფრო მეტიც, მას ჩემთვის უნდა ებოძებინა შეცდომების გამოსწორების უნარი. მე ამ უნარს ვიყენებ, როდესაც გამოვდივარ პრინციპიდან, რომ ის, რაც ცხადი და მკაფიოა, ჭეშმარიტია. ეს საშუალებას მაძლევს, ვიცოდე მათემატიკა და ფიზიკა, თუკი მახსოვს, რომ ჭეშმარიტება სხეულთა შესახებ უნდა ვიცოდე მხოლოდ გონებით და არა გონებითა და სხეულით ერთობლივად. 


დეკარტის შემეცნების თეორიის კონსტრუქციული ნაწილი გაცილებით ნაკლებად საინტერესოა, ვიდრე ადრინდელი დესტრუქციული ნაწილი. მასში გამოყენებულია ყველა სახის სქოლასტიკური მაქსიმა, მაგალითად ისეთი, რომ შედეგი ვერასოდეს იქნება მიზეზზე მეტად სრულყოფილი, რომელიც რატომღაც არ დაექვემდებარა თავდაპირველ კრიტიკულ გამოკვლევას. არანაირი საფუძველი არ არის შემოთავაზებული ამ მაქსიმების მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნაკლებადაა თავისთავად ცხადი, ვიდრე ვინმეს საკუთარი არსებობა, რაც საყვირებითა და ზარ-ზეიმით მტკიცდება. პლატონის „თეეტეტოსი“, ნეტარი ავგუსტინესა და წმ. თომას თხზულებები შეიცავს იმის დიდ ნაწილს, რასაც „მეტაფიზიკური განაზრებანი“ ამტკიცებს.


კრიტიკული დაეჭვების მეთოდს, რომელსაც დეკარტი თვითონ გაუბედავად მიმართავდა, დიდი ფილოსოფიური მნიშვნელობა ჰქონდა. ლოგიკის თვალსაზრისით ცხადი იყო, რომ მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო დადებითი შედეგების მოტანა, თუკი სკეპტიციზმი სადმე შეწყდებოდა. თუკი არსებობს როგორც ლოგიკური, ისე, ემპირიული ცოდნა, უნდა არსებობდეს ორი სახის შემაკავებელი წერტილი: უდავო ფაქტები და დასკვნის გამოტანის უდავო პრინციპები. დეკარტისთვის უდავო ფაქტები მისი საკუთარი აზრებია (სიტყვა „აზრის“ უფართოესი გაგებით). „მე ვაზროვნებ“ მისი საწყისი წინაპირობაა. სიტყვა „მე“ აქ სინამდვილეში ლოგიკურად არასწორია. საწყისი წინაპირობა მას შემდეგი ფორმით უნდა ჩამოეყალიბებინა: „არსებობს აზრები“. სიტყვა „მე“ გრამატიკულად მოსახერხებელია, მაგრამ არ აღწერს მონაცემებს. როდესაც ის ამბობს, „მე ვარ საგანი, რომელიც აზროვნებს“, ის უკვე არაკრიტიკულად იყენებს კატეგორიების აპარატს, რომელიც სქოლასტიკიდან არის მემკვიდრეობით მიღებული. ის არსად ამტკიცებს, რომ აზრისთვის საჭიროა მოაზროვნე და არც იმის საფუძველია მოცემული, რომ ასე გვჯეროდეს, გარდა გრამატიკული მნიშვნელობისა. მიუხედავად ამისა, აზრების (და არა გარეგანი ობიექტების) მიჩნევა ძირითად ემპირიულ უტყუარობებად ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ფუნდამენტური გავლენა იქონია მთელ შემდგომ ფილოსოფიაზე.


დეკარტის ფილოსოფია სხვა ორი მიმართებითაც მნიშვნელოვანია. პირველი: მან დაასრულა ან თითქმის დაასრულა გონებისა და მატერიის დუალიზმი, რომელიც პლატონით იწყება და რომელიც, ძირითადად რელიგიური მიზეზების გამო, ქრისტიანული ფილოსოფიის მიერ განვითარდა. თუ ჯალღუზისებრი ჯირკვლის შესახებ საინტერესო შრომებს არ გავითვალისწინებთ, რომლებიც დეკარტის მიმდევრებმა შექმნეს, კარტეზიანული სისტემა წარმოგვიდგენს ორ პარალელურ, მაგრამ დამოუკიდებელ, გონებისა და მატერიის, სამყაროს, რომელთაგან თითოეულის შესწავლა მეორესთან მიმართების გარეშე შეიძლება. ის, რომ გონება არ ამოძრავებს სხეულს, იყო ახალი იდეა, რომელიც აშკარადაა ფორმულირებული გოილინქსთან, მაგრამ არაპირდაპირაა ნაგულისხმევი დეკარტთან. მისი უპირატესობა ის იყო, რომ მან შესაძლებელი გახადა იმის თქმა, რომ სხეული არ ამოძრავებს გონებას. თხზულებაში „მეტაფიზიკური განაზრებანი“ არის საფუძვლიანი დისკუსია იმის შესახებ, თუ რატომ განიცდის გონება „მწუხარებას“, როდესაც სხეულს სწყურია. სწორი კარტეზიანული პასუხი იყო, რომ სხეული და გონება ჰგავდა ორ საათს და როდესაც ერთი უჩვენებდა „წყურვილს“, მეორე უჩვენებდა „მწუხარებას“. მიუხედავად ამისა, რელიგიური თვალსაზრისით, ამ თეორიას სერიოზული ნაკლი გააჩნდა, ეს კი მიბიძგებს კარტეზიანობის მეორე მახასიათებლისკენ, რომელიც ზემოთ ვახსენე.


მთლიანობაში მატერიალური სამყაროს თეორიასთან მიმართებით კარტეზიანობა მკაცრად დეტერმინისტული იყო. ცოცხალი ორგანიზმები, ისევე, როგორც მკვდარი მატერია, ფიზიკის კანონებს ექვემდებარებოდა. ორგანიზმების ზრდისა და ცხოველთა მოძრაობის ასახსნელად აღარ არსებობდა ენტელექიის ან სულის საჭიროება, როგორც ეს არისტოტელეს ფილოსოფიაში ხდებოდა. მაგრამ თავად დეკარტმა ერთი მცირე გამონაკლისი დაუშვა: ადამიანის სულს ნებელობით ძალუძს ცხოველური ძალების მოძრაობის მიმართულების, მაგრამ არა რაოდენობის შეცვლა. თუმცა ეს სისტემის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა და, როგორც აღმოჩნდა, წინააღმდეგობაში იყო მექანიკის კანონებთანაც. შესაბამისად, ის უკუგდებულ იქნა. შედეგი ის გახლდათ, რომ მატერიის მთელი მოძრაობა ფიზიკის კანონებით განისაზღვრა, ხოლო პარალელიზმის წყალობით მენტალური მოვლენებიც განსაზღვრული უნდა ყოფილიყო. შედეგად, კარტეზიანელებს სირთულე შეექმნათ ნების თავისუფლებასთან მიმართებით. მათთვის კი, ვინც უფრო მეტ ყურადღებას დეკარტის მეცნიერებას უთმობდა, ვიდრე მის შემეცნების თეორიას, რთული არ იყო მისი თეორიის განვრცობა იმის შესახებ, რომ ცხოველები ავტომატებს წარმოადგენენ: რატომ არ უნდა ვთქვათ იგივე ადამიანის შესახებაც და გავამარტივოთ სისტემა, მისი თანმიმდევრულ მატერიალიზმად გადაქცევით? ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, XVIII საუკუნეში გადაიდგა.


დეკარტთან ვხვდებით გადაუჭრელ დუალიზმს ერთი მხრივ, მის მიერ თანამედროვე მეცნიერებიდან შეძენილ ცოდნასა და, მეორე მხრივ, სქოლასტიკას შორის, რომელსაც მას ლა ფლეშში ასწავლიდნენ. ამან იგი არათანმიმდევრულობებამდე მიიყვანა, მაგრამ, ასევე, უფრო მეტი ნაყოფიერი იდეა მისცა მას, ვიდრე ეს შეიძლება ჰქონოდა სხვა სრულიად ლოგიკურ ფილოსოფოსს. თანმიმდევრულობას, შესაძლოა, იგი უბრალოდ ახალი სქოლასტიკის ფუძემდებლად ექცია, ხოლო არათანმიმდევრულობამ დეკარტი ფილოსოფიის ორი მნიშვნელოვანი, მაგრამ განსხვავებული სკოლის მამამთავრად აქცია.

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნები:

 

1. ხელახლა (ლათ.) – მთ. შენიშვნა.

2. დეკარტი ამბობს, რომ ეს იყო ღუმელი (poéle), მაგრამ კომენტატორთა უმრავლესობა ამას შეუძლებლად მიიჩნევს. თუმცა ისინი, ვინც ძველმოდურ ბავარიულ სახლებს იცნობს, მარწმუნებს, რომ ეს სრულიად შესაძლებელია.

3. „ფილოსოფიის საწყისები“ (ლათ.) – მთ. შენიშვნა.

4. „ფილოსოფიური ესსეები“ (ფრ.) – მთ. შენიშვნა.

5. „ჩანასახის ფორმირების შესახებ“ (ფრ.) – მთ. შენიშვნა.

6. რენე დეკარტი, „ფილოსოფიური ტრაქტატები“. ფრანგ. თარგმნა დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ. თბილისი: ილიას სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2018. გვ. 176. აქ და ზოგიერთ ადგილას თარგმანი შეცვლილია რასელის მიერ მოყვანილი ინგლისური ციტატების შესაბამისად – მთ. შენიშვნა.

7. ზემოაღნიშნული არგუმენტი, „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“ (cogito ergo sum), ცნობილია როგორც დეკარტის cogito, ხოლო პროცესი, რომლითაც იგი მიიღწევა, როგორც „კარტეზიანული დაეჭვება“.

8. რენე დეკარტი, „ფილოსოფიური ტრაქტატები“. ფრანგ. თარგმ. დ. ლაბუჩიძე-ხოფერიამ. თბილისი: ილიას სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2018, გვ. 240 – მთ. შენიშვნა.

9. იქვე – მთ. შენიშვნა.

 

 

 


კომენტარები