მგზავრი, მეეტლე, ოთხთვალა და ცხენი

მგზავრი, მეეტლე, ოთხთვალა და ცხენი

გიორგი ივანეს ძე გურჯიევი – თეოსოფი, აღმოსავლური ოკულტიზმის მიმდევარი, ქრისტიანული მისტიკურ-ანთროპოლოგისტური მოძღვრების ავტორი. 

 

ამონარიდი აღებულია გიორგი გურჯიევის წიგნიდან: „დანახული რეალური სამყაროდან“.

 

 

ფიქრი მუშაობისას იგივეა, რაც საკუთარი თავის გახსენება

 

 

საკუთარი თავის გახსენება შეუძლებელია: მაგრამ ადამიანები არ იხსენებენ საკუთარ თავს, რადგან მხოლოდ გონებით ცხოვრება სურთ. თუმცა, ყურადღების მარაგი გონებაში, მსგავსად ელემენტის ელექტრული მუხტისა, არცთუ დიდია. არც სხეულის სხვა ნაწილებს სურთ გახსენება.


შესაძლოა გახსოვდეთ თქვენთვის ნათქვამი, რომ ადამიანი ჰგავს შებმას, რომელიც მგზავრის, მეეტლის, ოთხთვალასა და ცხენისგან შედგება. მგზავრი გამოვრიცხოთ, ნუ ვისაუბრებთ მის შესახებ: ახლა ის არ არის. მოდით მეეტლის შესახებ დავფიქრდეთ. მეეტლე – ეს ჩვენი გონებაა.


გონებას რაღაცის გაკეთება სურს; ის საკუთარ თავს ამოცანას უსახავს: იმუშაოს განსხვავებულად, არა ისე, როგორც წარსულში, სვამს საკუთარი თავის გახსენების ამოცანას. ჩვენი ყველა ინტერესი, რომელიც საკუთარი თავის ცვლილებას ეხება, საკუთარ თავში ცვლილების შექმნისა, მეეტლეს ეკუთვნის; სხვა სიტყვებით, ეს მხოლოდ გონებრივი მიზნებია.


რაც შეეხება გრძნობასა და სხეულს, ეს ნაწილები სრულებით არ არიან დაინტერესებულნი საკუთარი თავის გახსენებით. თუმცა, მთავარი იმაში მდგომარეობს, რომ ცვლილება შეიქმნას არა გონებაში, არამედ ამ არადაინტერესებულ ნაწილებში. გონება შესაძლოა უკიდურესად იოლად შეიცვალოს. მაგრამ მიღწევა გონების მეშვეობით არ ხდება; გონებით განხორციელებული ცვლილება არაფრად ვარგა.


ამიტომ, სწავლა და სწავლება აუცილებელია არა გონების, არამედ სხეულისა და გრძნობების მეშვეობით. მაგრამ გრძნობებსა და სხეულს არ აქვთ ენა; მათ არც ენა აქვთ და არც გაგება, რასაც ვფლობთ ჩვენ. მათ არც ინგლისური ესმით და არც რუსული; ცხენს არ ესმის მეეტლის, ხოლო ოთხთვალას არ ესმის ცხენის ნაუბარი. თუ მეეტლე ინგლისურად იტყვის: „მარჯვნივ!“ – არაფერი მოხდება. ცხენს ესმის სადავის ენა და მარჯვნივ მოუხვევს მხოლოდ სადავისადმი დანებებით. სხვა ცხენი სადავის გარეშე მოუხვევს, თუ კონკრეტულ ადგილას მოუქავებთ; ასე არიან გაწვრთნილი სახედრები სპარსეთში. იგივე ეხება ოთხთვალასაც; მას თავისი აგებულება აქვს. თუ ხელნა მარჯვნივ უხვევს, უკანა ბორბლები მარცხნივ შებრუნდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ოთხთვალას მხოლოდ ეს მოძრაობა ესმის და მასზე თავისებურად რეაგირებს. ასე რომ, მეეტლემ ოთხთვალას სუსტი ადგილები, მისი თავისებურებები უნდა შეისწავლოს; მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებს იგი მის წაყვანას სასურველი მიმართულებით. მაგრამ, თუ ის უბრალოდ იჯდება კოფოზე და თავის ენაზე გასცემს ბრძანებებს: „მარჯვნივ! მარცხნივ!“ ოთხთვალა ადგილიდან არ დაიძვრება, თუნდაც მან მთელი წელიწადი წაიღოს ყურები ძახილით.


ჩვენ ასეთი შებმულობის ზუსტ ასლს წარმოვადგენთ. მხოლოდ გონებას ვერ ვუწოდებთ ადამიანს, ისევე, როგორც დუქანში მჯდომ მეეტლეს ვერ ვუწოდებთ მეეტლეს, რომელიც თავის ფუნქციებს ასრულებს. ჩვენი გონება ჰგავს მეეტლეს, რომელიც შინ ან დუქანში იმყოფება და მგზავრები თავის ოცნებებში გადაჰყავს. როგორი არარეალურიცაა მისი მგზავრობა, ასევე არაფრამდე მიმყვანია მხოლოდ გონებასთან მუშაობის მცდელობა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ პროფესიონალებად, შეშლილებად ვიქცევით.


ძალა, რომელსაც ჩვენი შეცვლის უნარი შესწევს – არის არა გონება, არამედ სხეული და გრძნობები. სამწუხაროდ ჩვენი სხეული და გრძნობები ისეა მოწყობილი, რომ იოტისოდენადაც არ ზრუნავენ რაიმეზე, სანამ ბედნიერები არიან. ისინი წამისთვის ცხოვრობენ: მათი მეხსიერება მოკლეა. მხოლოდ გონება ცხოვრობს ხვალინდელი დღისთვის. ყოველ ასპექტს საკუთარი ღირსება აქვს. გონების ღირსება იმაშია, რომ ის წინ იყურება. მაგრამ „ქმნადობა“ მხოლოდ ორი სხვა ასპექტის ხვედრია.


დღევანდელ დღემდე თქვენი სურვილებისა და ბრძოლის უდიდესი ნაწილი შემთხვევითი იყო. ყოველივე გონებაში ხდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სურვილები მხო-ლოდ გონებაში არსებობს, სანამ გონებაში შემთხვევით არ გაჩნდება რაიმეს მიღწევის, რაიმეს შეცვლის სურვილი, მაგრამ ეს მხოლოდ გონებაში ხდება. თვით თქვენში კი ჯერ კიდევ არავითარი ცვლილება არ მომხდარა. თავში მხოლოდ შიშველი იდეა არსებობს; მაგრამ ყველა რჩება ისეთად, როგორიც იყო. თუნდაც ათი წელი იმუშაოს გონებით, იმეცადინოს დღითა და ღამით, გაიხსენოს გონებაში საკუთარი მიზანი და იბრძოლოს, ის ვერაფერს მიაღწევს რეალურს. გონებაში არაფერია შესაცვლელი; უნდა შეიცვალოს ცხენის ხასიათი. სურვილი ცხენში უნდა იყოს მოქცეული, უნარი კი ეტლში.


მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე მცდარი აღზრდისა და ჩვენში სხეულს, გრძნობებსა და გონებას შორის კავშირის არარსებობის გამოისობით ადამიანთა უმეტესობა იმდენად დეფორმირებულია, რომ მათი არსების ერთ ნაწილსა და სხვა ნაწილებს შორის საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება. ამიტომაა მათი ერთმანეთთან დაკავშირება ესოდენ რთული, ხოლო კიდევ უფრო რთულია აიძულოთ თქვენი ცალკეული ნაწილები, შეცვალონ ცხოვრების ნირი. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ ვაიძულოთ ისინი ურთიერთობისკენ, მაგრამ არა იმ ენის მეშვეობით, რომელიც ბუნებისგან გვაქვს ნაბოძები. ეს საკმაოდ იოლი იქნებოდა; ამ ენის მეშვეობით ჩვენი არსების ნაწილები საკმაოდ მალე შეურიგდებოდნენ ერთმანეთს, თანხმობასა და გაგებას მიაღწევდნენ, მიაღწევდნენ სასურველ საერთო მიზანს.


თუმცა, ჩვენი უმრავლესობისთვის ეს საერთო ენა, რომლის შესახებაც ვსაუბრობ, სამუდამოდაა დაკარგული. ერთადერთი, რაც დაგვრჩენია – ესაა კავშირის დამყარება შემოვლითი, „ცრუ“ გზით. ეს არაპირდაპირი, „ცრუ“, ხელოვნური კავშირები ერთობ სუბიექტური აღმოჩნდება ხოლმე, რადგან დამოკიდებული არიან ადამიანის ხასიათზე, მის ფორმაზე, რომელიც მისი შინაგანი შემადგენლის მიერაა მიღებული.


ახლა კი ეს სუბიექტურობა უნდა განვსაზღვროთ და წამოვაყენოთ სამუშაო პროგრამა კავშირის დასამყარებლად ჩვენი არსების სხვა ნაწილებთან. სუბიექტურობის განსაზღვრა იოლი არ არის; ამას ვერ მიაღწევთ მემკვიდრეობითობის ღრმა ანალიზით, შესწავლითა და შემოწმებით „თვით ბებიამდე“.


ამიტომ, ერთი მხრივ, ჩვენ განვაგრძობთ ყოველი ადამიანის სუბიექტურობის განსაზღვრას; მეორე მხრივ – შევუდგებით ყველასათვის მისაწვდომ საერთო სამუშაოს, კერძოდ კი პრაქტიკულ სავარჯიშოებს. არსებობს განსაზღვრული სუბიექტური მეთოდები; არსებობს ზოგადი მეთოდებიც. ამგვარად, ჩვენ შევეცდებით ვიპოვოთ სუბიექტური მეთოდები და იმავდროულად გამოვიყენოთ ზოგადი მეთოდები.


გაითვალისწინეთ, რომ სუბიექტური მითითებები მხოლოდ მათ ეძლევათ, ვინც გაამართლებს თავის თავს, ვინც გვიჩვენებს მუშაობის უნარსა და სიზარმაცის არარსებობას. ზოგადი მეთოდები და მეცადინეობები ყველასთვის ხელმისაწვდომია; მაგრამ, სუბიექტურ მეთოდებს ჯგუფში მხოლოდ მათ შესთავაზებენ, ვინც მუშაობს, ვინც ცდილობს, ვისაც მუშაობა სურს მთელი თავისი არსებით. ზარმაცები და იღბალზე დანდობილები ვერასოდეს გაიგონებენ იმას, რაც ჭეშმარიტ სამუშაოს შეადგენს, თუნდაც აქ კიდევ ათ წელიწადს დარჩნენ.


ლექციებზე დამსწრეებს უკვე სმენიათ ე.წ. „საკუთარი თავის გახსენების“ შესახებ, ალბათ უფიქრიათ ამაზე და პრაქტიკაში დანერგვაც უცდიათ. მან, ვინც ეს მეთოდი მოსინჯა, უდაოდ აღმოაჩენდა, რომ მიუხედავად ყველა ძალისხმევისა, საკუთარი თავის გახსენება, ესოდენ გასაგები გონებისთვის, ესოდენ მსუბუქი, შესაძლებელი და დასაშვები ინტელექტის თვალსაზრისით, პრაქტიკულად შეუძლებელია. ის მართლაც შეუძლებელია.


როდესაც „საკუთარი თავის გახსენების“ შესახებ ვსაუბრობთ, ჩვენ საკუთარ თავს ვგულისხმობთ. მაგრამ მე თვითონ – ეს ვარ ჩემი „მე“, ჩემი გრძნობები, სხეული, შეგრძნებები. მე თვითონ – არ ვარ ჩემი გონება, არ ვარ ჩემი აზრი. გონება – ჩვენ არ ვართ, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ჩვენი. მართალია, ამ ნაწილს აქვს კავშირი ჩვენთან, მაგრამ უკიდურესად სუსტი, და ჩვენში მისთვის ძალიან მცირე მასალაა გამოყოფილი! თუ სხეული და გრძნობები ენერგიასა და სხვადასხვა ელემენტებს, ვთქვათ, ოც-ოცი ნაწილის პროპორციულად იღებენ, გონება მხოლოდ ერთ ნაწილს იღებს. ყურადღება არის განვითარების პროდუქტი, რომელიც ამ ელემენტებისგან მიიღება. ჩვენი განსხვავებული ნაწილები განსხვავებულ ყურადღებას ფლობენ; მისი ხანგრძლიობა და ძალა მიღებული მასალის პროპორციულია. ის ნაწილი, რომელიც მეტ მასალას იღებს, მეტ ყურადღებას ფლობს.


ვინაიდან, გონება საკვებად ნაკლებ მასალას იღებს, მისი ყურადღება, ანუ მეხსიერება, ხანმოკლეა; ის მანამ მოქმედებს, სანამ ეს მასალა შენარჩუნებულია. მართლაც, თუ ჩვენ გვსურს (და განვაგრძობთ სურვებას) საკუთარი თავი მხოლოდ გონებით გავიხსენოთ, ჩვენ ვერ შევძლებთ ამის გაკეთებას იმაზე ხანგრძლივად, ვიდრე ამის საშუალებას ეს მასალა იძლევა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს ვიოცნებებთ ამის შესახებ, რამდენს ვისურვებთ ამაში მეცადინეობას, არ აქვს მნიშვნელობა, რა ღონისძიებებს მივმართავთ. მასალის გახარჯვის შემდეგ ყურადღება ჩამქრალია.


ეს მოვლენა ძალიან ჰგავს აკუმულატორის მუშაობას. ის ენერგიას მანამ იძლევა, სანამ დამუხტულია. როდესაც ენერგია გაიხარჯება, ლამფა ვეღარ აინთება, თუნდაც ძაფი გამართული იყოს, სადენი კი მწყობრში. ეს ხსნის იმას, თუ რატომ არ შეუძლია ადამიანს საკუთარი თავის უფრო ხშირად გახსენება: ასეთი განსაკუთრებული მეხსიერება ხანმოკლეა და ყოველთვის ასეთად დარჩება. ასეა ის მოწყობილი.


შეუძლებელია უფრო მძლავრი აკუმულატორის დაყენება, ან მისი დამუხტვა მეტი ენერგიით, ვიდრე ისაა, რომლის შებოჭვაც მას შეუძლია. მაგრამ, ჩვენი მეხსიერება შესაძლოა გაზრდილ იქნას არა ჩვენი აკუმულატორის მოცულობის ზრდის ხარჯზე, არამედ სხვა ნაწილების ჩართვით, თავისი აკუმულატორებით, ვაიძულებთ რა მათ საერთო სამუშაოში მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი არსების ყველა ნაწილი ხელიხელჩაკიდებული დაეხმარება ერთმანეთს განათების შენარჩუნებაში.


ვინაიდან, ჩვენ ნდობას განვიცდით გონებისადმი, ხოლო გონებას მიაჩნია, რომ ის სასიკეთო და აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის სხვა ნაწილებისთვის, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათში ინტერესის გასაღვიძებლად და მათ დასარწმუნებლად, რომ სასურველი მიზანი მათთვის სასარგებლო და აუცილებელი იქნება.


იძულებული ვარ ვაღიარო, რომ ჩვენი ეგოს უდიდესი ნაწილი სრულებით არ არის დაინტერესებული საკუთარი თავის გახსენების პრაქტიკით. მეტიც, მას ეჭვიც კი არ აქვს ასეთი სურვილის არსებობისა მის ძმასთან – აზროვნებასთან. გამოდის, ჩვენ უნდა ვცადოთ ამ სურვილის გაგება და გავაცნოთ იგი მათ. თუ ისინი ისურვებენ ამ მიმართულებით მუშაობას, საქმის ნახევარი გაკეთებული იქნება, ჩვენ კი მათ სწავლასა და დახმარებას შევძლებთ.


სამწუხაროდ, იმთავითვე ბრძნული საუბრის გამართვა მათთან შეუძლებელია, რადგან დაუდევარი აღზრდის მიზეზით ცხენმა და ოთხთვალამ არ იციან ენა, რომელიც ზრდილ ადამიანს შეეფერება. მათი ცხოვრება და აზროვნება ინსტინქტურია, როგორც ცხოველებში; ამიტომ, შეუძლებელია მათთვის ლოგიკურად დასაბუთება იმისა, თუ რაში მდგომარეობს მათი მომავალი სარგებელი, ან განვუმარტოთ მათ მათი შესაძლებლობები. მუშაობისთვის მათი იძულება ჯერჯერობით მხოლოდ „სიცრუის მეთოდებით“, შემოვლითი გზებით შეიძლება. თუ ეს განხორციელდება, ისინი სავარაუდოდ შეძლებენ საღ აზრამდე მისვლას. ლოგიკა და მსჯელობა მათთვის უცხო არ არის, მაგრამ მათ არ მიუღიათ აღზრდა, – მსგავსად ადამიანისა, რომელსაც თანამოძმეებისგან მოშორებით ცხოვრება მოუწია, მათთან კავშირის გარეშე. ასეთ ადამიანს, ჩვენგან განსხვავებით, არ შესწევს ლოგიკურად მსჯელობის უნარი. ჩვენ ამ უნარს იმ მიზეზით ვფლობთ, რომ ბავშვობიდანვე ადამიანებს შორის ვიზრდებოდით და ურთიერთობა გვქონდა მათთან. იზოლირებული ადამიანის მსგავსად, ჩვენი არსების სხვა ნაწილები ცხოველური ინსტინქტებით ცხოვრობდნენ, არაფერი იცოდნენ რა ლოგიკის შესახებ. ამის გამო მათი უნარები გადაგვარდა: მათთვის ბუნებით ბოძებული თვისებები გამქრქალდა და ატროფია განიცადა. მაგრამ, იმთავითი, ბუბების ძალით ასეთ ატროფიას გამოუსწორებელი შედეგი არ მოყვება; არსებობს შესაძლებლობა მათი დაბრუნებისა ცხოვრებისკენ პირველსაწყისი ფორმით. ბუნებრივია, რომ ბიწიერ შედეგთა დალექილი ქერქის მოსაშორებლად გვარიანი გარჯა გვმართებს. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ახალი სამუშაო დავიწყოთ, ძველი ცოდვები უნდა გადავლახოთ.


მაგალითად, მე მსურს, რომ საკუთარ თავს რაც შეიძლება ხშირად და ხანგრძლივად ვიხსენებდე. მაგრამ, ჩემთვის ცნობილია, რომ, რადგან ჩემს გონებას მასთან დაკავშირებული ასოციაციები უკიდურესად მცირე რაოდენობით აქვს, ძალიან სწრაფად ვივიწყებ ჩემს წინაშე მდგომ ამოცანას.


მე შევამჩნიე, რომ სხვა ასოციაციები შთანთქავენ ასოციაციებს, რომლებიც საკუთარი თავის გახსენებასთან არის დაკავშირებული. ჩვენი ასოციაციები ფორმირების აპარატში ბიძგების შედეგად წარმოიქმნება, რომლებსაც ეს აპარატი ცენტრიდან იღებს. ყოველი ბიძგი კონკრეტულ ასოციაციას იწვევს; მათი ძალა მათ მწარმოებელ მასალაზეა დამოკიდებული.


თუ აზროვნების ცენტრი წარმოქმნის საკუთარი თავის გახსენების ასოციაციებს, მაშინ მასთან სხვა ცენტრებიდან მომდინარე ასოციაციებს, რომლებიც ასევე საკუთარი თავის გახსენებასთან არის მიმართებაში, არაფერი აქვთ საერთო. ისინი შთანთქავენ ასეთ სასურველ ასოციაციებს, რადგან სრულიად განსხვავებული ადგილებიდან იღებენ სათავეს და უფრო მრავალრიცხოვანნი არიან.


და აი, მე აქ ვზივარ.


ჩემი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი არსების სხვა ნაწილები მივიყვანო წერტილთან, სადაც აზროვნების ცენტრი საკუთარი თავის გახსენებას მაქსიმალურად ხანგრძლივად შეძლებდა, არ დაშრეტდა რა ენერგიას მყისიერად.


აქ, აუცილებელია იმის მინიშნება, რომ საკუთარი თავის გახსენება, რაოდენ სრული და მთლიანიც არ უნდა იყოს ის, ორი სახით გვხვდება: ის ან ცნობიერია ან მექანიკური. სხვა სიტყვებით, საკუთარ თავს ჩვენ ან ცნობიერად ვიხსენებთ, ან ასოციაციების ძალით. საკუთარი თავის მექანიკური ანუ ასოციაციური გახსენება არსებითი სარგებლის მომტანი არ არის; მაგრამ პრაქტიკის დასაწყისში ასეთ ასოციაციურ გახსენებასაც დიდი ღირებულება აქვს. მოგვიანებით მასზე უარი უნდა ვთქვათ, რადგან ის არანაირ რეალურ, კონკრეტულ შედეგებს არ იძლევა მოქმედებაში. მაგრამ, დასაწყისში ის აუცილებელია.


არსებობს აგრეთვე სხვა, ცნობიერი გახსენება საკუთარი თავისა, რაც მექანიკურს არ წარმოადგენს.

 

აი, მე აქ ვზივარ. სრულებით არ შემწევს საკუთარი თავის გახსენების უნარი, არაფერი მესმის ამის შესახებ. მაგრამ ამის შესახებ მსმენია. ერთმა მეგობარმა დამისაბუთა დღეს, რომ საკუთარი თავის გახსენება შესაძლებელია.


მაშინ, დავფიქრდი რა ამაზე, დავრწმუნდი, რომ თუ შევძლებდი საკუთარი თავის ხანგრძლივად გახსენებას, ნაკლებ შეცდომებს დავუშვებდი და მეტ სასურველ ქმედებას განვახორციელებდი.


და აი, მე მსურს საკუთარი თავის გახსენება; მაგრამ ყოველი შრიალი, ყოველი ადამიანი, ყოველი ბგერა მიფანტავს ყურადღებას: მე მავიწყდება ჩემი გადაწყვეტილება.


ჩემს წინაშე ქაღალდის ფურცელია; მე განზრახ ჩავწერე მასზე ჩემი მიზანი, რათა ამ ფურცელმა ბიძგის სახით იმოქმედოს ჩემზე საკუთარი თავის გასახსენებლად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვერც ფურცელი მეხმარება. სანამ ჩემი ყურადღება მასზეა ფოკუსირებული, მე ყველაფერი მახსოვს; მაგრამ როგორც კი ყურადღება სხვა რამეზე გადადის, მე ვუყურებ ფურცელს, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვიხსენებ.


ასეთ დროს მე სხვაგვარად მოქმედებას ვცდილობ. საკუთარ თავს ვუმეორებ: „მე საკუთარი თავის გახსენება მსურს“. მაგრამ არც ეს მშველის: ცალკეულ მომენტებში ვამჩნევ, რომ ამ ფრაზას მექანიკურად ვიმეორებ, ხოლო ჩემი ყურადღება სხვაგან არის.

 

ყოველგვარ საშუალებას ვცდი. მაგალითად, ვზივარ და ვცდილობ ფიზიკური დისკომფორტის ზოგი შეგრძნება საკუთარი თავის გახსენებას დავუკავშირო. მე კოჟრი მტკივა; მაგრამ ეს მხოლოდ დროებით მშველის, შემდეგ კი კვლავ წმინდად მექანიკურად განიცდება.


იმდენად დიდია საკუთარი თავის გახსენებაში წარმატების სურვილი, რომ მაინც ვცდი სხვადასხვა საშუალებებს. 


იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა ვიმოქმედო შემდგომში, სასარგებლო იქნებოდა ინფორმაციის მიღება მათ შესახებ, ვინც ჩემს მსგავსად ახორციელებდა ასეთ მცდელობებს.


დავუშვათ, რომ ჯერ კიდევ მსგავსი არაფერი მიცდია; დავუშვათ, რომ ყოველთვის უშუალოდ გონებით ვცდილობდი მოქმედებას. მე ჯერ კიდევ არ მიცდია ჩემში სხვა ბუნების მქონე ასოციაციების წარმოქმნა, რომლებიც არა მხოლოდ აზროვნების ცენტრს ეკუთვნიან. მსურს ეს ვცადო; შესაძლოა შედეგი უკეთესი იყოს. შესაძლოა, ასე უფრო ადვილად მივხვდე სხვა რამის გაკეთების შესაძლებლობას.


მე გახსენება მსურს – მოცემულ მომენტში ვიხსენებ.


მე ვიხსენებ გონებით. ვეკითხები საკუთარ თავს: შეგრძნებებითაც ხომ არ ვიხსენებ? აღმოვაჩენ, რომ შეგრძნებების მეშვეობით საკუთარი თავი ფაქტიურად არ მახსოვს.


რაში მდგომარეობს განსხვავება შეგრძნებასა და გრძნობას შორის?


ყველასათვის გასაგებია ჩემი კითხვა?


მაგალითად, მე აქ ვზივარ. უჩვეულო პოზის გამოისობით ჩემი კუნთები უჩვეულოდაა დაძაბული. როგორც წესი, მე ვერ შევიგრძნობ ჩემს კუნთებს პირველადი, ჩამოყალიბებული პოზით. როგორც ყოველ ადამიანს, მეც პოზების შეზღუდული რაოდენობა გამაჩნია. მაგრამ ახლა მე ახალი, უჩვეულო პოზა მივიღე. მე შევიგრძნობ ჩემს სხეულს, თუ მთლიანად არა, სულ ცოტა, მის ზოგიერთ ნაწილს, მის სითბოს, მასში სისხლის მოძრაობას. როდესაც ვზივარ, ჩემს ზურგს უკან ცხელ ღუმელს ვგრძნობ. ვინაიდან უკნიდან სითბო იგრძნობა, წინიდან კი სიცივე, არსებობს სხვაობა ჰაერის განცდილ ტემპერატურებს შორის: ამიტომ, მე არ ვწყვეტ საკუთარი თავის შეგრძნებას ჰაერის განსხვავებულ ფენათა გარეშე კონტრასტის წყალობით.


გუშინ, საღამოს ვახშმად ბოცვერი მქონდა. ბოცვერი და საკმაზი გემრიელი იყო, რის გამოც ბევრი ვჭამე. მე შევიგრძნობ ჩემს კუჭს; სუნთქვა უკიდურესად მძიმეა. ჩემს თავს გამუდმებით ვგრძნობ.


ეს-ესაა A-სთან ერთად განსაკუთრებულ კერძს ვამზადებდი და ღუმელში შევდგი. როდესაც კერძს ვამზადებდი, გამახსენდა დედა და მასთან დაკავშირებული ზოგი მომენტი. ამ მოგონებებმა ჩემში განსაკუთრებული გრძნობა გააღვიძეს. მე ვგრძნობ ამ მომენტებს, და ეს გრძნობა არ მტოვებს მე. 


აი, ლამფას ვუყურებ. როდესაც სახლში განათება ჯერ კიდევ არ იყო, მე გადავწყვიტე, რომ სწორედ ასეთი განათება მჭირდებოდა. შევადგინე იმის გეგმა, თუ რა იქნებოდა საჭირო ასეთი განათების მოსაწყობად. გეგმა განხორციელდა, და აი მისი შედეგი. როდესაც შუქი ჩაირთო და მე ის ვიხილე, კმაყოფილება ვიგრძენი; იმ მომენტში შექმნილი გრძნობა გრძელდება – მე თვითკმაყოფილებას ვგრძნობ.


წუთის წინ თურქული აბანოდან მოვდიოდი. ბნელოდა, ვერაფერს ვხედავდი – და ხეს დავეჯახე. ასოციაციის მეშვეობით გამახსენდა, რომ ერთხელ ასეთივე სიბნელეში მივდიოდი და ადამიანს შევეჯახე. მე მკერდში დარტყმის მთელი სიმძიმე ვიგრძენი, თავი ვერ შევიკავე და უცხოს ხელი დავარტყი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის არ იყო დამნაშავე; თუმცა, იმდენად ძლიერად დავარტყი, რომ მან რამდენიმე კბილი დაკარგა. იმ მომენტში მე არ მიფიქრია, რომ ადამიანი, რომელიც შემეჯახა, შეიძლებოდა არ ყოფილიყო დამნაშავე; მაგრამ, როცა დავმშვიდდი, მივხვდი ამას; მცირე ხნის შემდეგ, როდესაც იმავე ადამიანას შევხვდი, რომელსაც სახე ჰქონდა დამახინჯებული, დიდი სინანული განვიცადე, ასე რომ ახლაც, როდესაც მას ვიხსენებ, სინდისის ისეთივე ქენჯნას განვიცდი. და აი, ახლაც, როდესაც ხეს შევეჯახე, ჩემში კვლავ გაიღვიძა ამ გრძნობამ. მე კვლავ დავინახე მისი ლებებით დაფარული კეთილი სახე.


მე თქვენ ექვსი განსხვავებული შინაგანი მდგომარეობის მაგალითი შემოგთავაზეთ. სამი მათგანი მამოძრავებელ ცენტრთანაა კავშირში, დანარჩენი სამი – ემოციურთან. ჩვეულებრივ ენაზე სამივეს გრძნობას უწოდებენ, მაგრამ მართებული კლასიფიკაციისას იმ მდგომარეობებს, რომლებიც თავისი ბუნებით მამოძრავებელ ცენტრთანაა კავშირში, შეგრძნებები უნდა ვუწოდოთ, მათ კი, რომელთა ბუნება ემოციურ ელემენტებს, ემოციურ ცენტრს უკავშირდება – გრძნობები. ათასობით განსხვავებული შეგრძნება არსებობს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, გრძნობებს უწოდებენ. მაგრამ, ყველა მათგანი განსხვავებულია, მათი მასალა  განსხვავებულია, განსხვავებულია მოქმედებები და მიზეზები.


უფრო საგულდაგულო განხილვისას ჩვენ ძალგვიძს მათი ბუნების დადგენა და მათთვის შესაბამისი სახელწოდებების მინიჭება. ხშირად ისინი იმდენად განსხვავდებიან თავისი ბუნებით, რომ ერთმანეთს შორის არაფერი აქვთ საერთო. ზოგი – ერთ ადგილში ჩნდება, სხვები – სხვაგან. ადამიანთა ნაწილს არ აქვს წარმოშობის ერთი ადგილი (ანუ შეგრძნებათა მოცემული სახეობა), სხვებს კი შესაძლოა სხვა არ ჰქონდეთ. ასევე არსებობენ ადამიანები, რომელთა ყველა შეგრძნება შესაძლოა ადგილზე იყოს.


მოვა დრო, როდესაც ჩვენ შევეცდებით ხელოვნურად გამოვრთოთ ერთი, ორი ან მეტი მათგანი, რათა მათი ჭეშმარიტი ბუნება გავიგოთ. ამ წუთისათვის კი ჩვენთვის აუცილებელია გაგვაჩნდეს ორი განსხვავებული განცდის იდეა, რომელთაგან ერთს ვუწოდებთ „გრძნობას“, მეორეს კი „შეგრძნებას“. „გრძნობას“ ჩვენ ვუწოდებთ მდგომარეობას, რომლის წარმოშობის ადგილი არის ემოციური ცენტრი; შეგრძნებას – იმ გრძნობებს, რომელთა წარმოშობის ადგილი მამოძრავებელ ცენტრშია. ახლა, რასაკვირველია, ყველა უნდა ხვდებოდეს ამ განსხვავებას და განიხილავდეს საკუთარ გრძნობებსა და შეგრძნებებს, შეისწავლის რა მათ შორის ამა თუ იმ განსხვავებებს.


საკუთარი თავის გახსენების პირველადი სავარჯიშოებისთვის სამივე ცენტრის მონაწილეობა აუცილებელია; გრძნობებსა და შეგრძნებებს შორის განსხვავებათა შესახებ საუბარს იმ მიზეზით შევუდექით, რომ საკუთარი თავის გახსენებისთვის ერთდროულად აუცილებელია, როგორც გრძნობა, ისევე შეგრძნება.


ამ სავარჯიშოებთან მისვლა მხოლოდ აზრის მონაწილეობით შეგვიძლია. პირველია – აზრი; ეს ჩვენთვის უკვე ცნობილია. ჩვენ გვსურს, ჩვენ გვინდა; ჩვენი აზრები შესაძლოა შედარებით იოლად იყოს მორგებული ამ სამუშაოს, რადგან ჩვენ უკვე გაგვაჩნია მათი განცდა პრაქტიკაში.


თავიდან, აუცილებელია სამივე ცენტრის ხელოვნური გაღვიძება. ჩვენი აზრების შემთხვევაში მათი ხელოვნური გაღვიძების საშუალება არის საუბარი, ლექციები და ა.შ. მაგალითად, თუ არაფერი თქმულა, არც არაფერი გაიღვიძებს. კითხვა და საუბარი ხელოვნური ბიძგი იყო. მე ამ საშუალებებს ხელოვნურს ვუწოდებ, რადგან ისინი დაბადებისას თან არ დამყოლია: ისინი არაბუნებრივია, ისინი ორგანულ აუცილებლობას არ წარმოადგენენ. ეს სურვილები ხელოვნურია; ასევე ხელოვნურია მათი შედეგებიც.


მაგრამ, თუ აზრები ხელოვნურია, მაშინ მე ჩემში ამ მიზნისთვის შემიძლია შევქმნა შეგრძნებები, რომლებიც ასევე ხელოვნურს წარმოადგენენ.


ვიმეორებ: ხელოვნურობა მხოლოდ დასაწყისშია აუცილებელი. სისავსე იმისა, რაც ჩვენ გვსურს, ხელოვნურად ვერ იქნება მიღწეული; მაგრამ დასაწყისიდან ასე უნდა ვიმოქმედოთ.


ყველაზე მსუბუქ, ყველაზე მარტივ რაღაცას განვიხილავ: შევეცდები საკუთარი თავის გახსენებას ყველაზე იოლით. გონებაში მე უკვე მაქვს გარკვეული რაოდენობის ასოციაცია საკუთარი თავის გასახსენებლად, განსაკუთრებით იმის წყალობით, რომ ჩვენ აქ სათანადო პირობები გვაქვს შექმნილი და ეს სათანადო ადგილია: ჩვენ გარშემორტყმული ვართ ადამიანებით, რომლებსაც მსგავსი მიზნები აქვთ. ამის წყალობით, დამატებით ასოციაციებისა, რომლებსაც უკვე ვფლობ, მე ახლებსაც შევქმნი. შესაბამისად, მეტ-ნაკლებად დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზაზე შეხსენებებსა და ბიძგებს მივიღებ, შემდეგ კი აღარ მივაქცევ ყურადღებას აზრებს და უმთავრესად დავკავდები ჩემი არსების სხვა ნაწილებით და მათ დავუთმობ ჩემს დროს.


ყველაზე მარტივი და მისაწვდომი შეგრძნების მიღება უხერხული პოზის ხარჯზე შეიძლება. ახლა მე ისე ვზივარ, როგორც არასოდეს ვმჯდარვარ. მცირე ხანს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ მოგვიანებით ჩნდება ტკივილი, ფეხებში კი უცნაური და უსიამო შეგრძნებები წარმოიქმნება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ტკივილი ზიანს არ მოიტანს და არც უარყოფით შედეგებს გამოიწვევს, არამედ უჩვეულოს წარმოადგენს და ამიტომ უსიამოვნო შეგრძნებაა.


იმ შეგრძნებათა უკეთ გასაგებად, რომელთა შესახებ ვაპირებ საუბარს, ვფიქრობ, ყოველი თქვენგანისთვის უმჯობესია ამ წუთიდან უხერხული მდგომარეობა მიიღოს.


მე გამუდმებულ სწრაფვას ვგრძნობ, შევიცვალო პოზა, ავამოქმედო ფეხები, რათა დავმშვიდდე და უხერხულობა მოვსპო. მაგრამ ამ წუთას ამოცანად მისი გაძლება დავისახე და მთელ სხეულს, თავის გარდა, ვუთხარი: „შეჩერდი!“


მოცემულ მომენტში, მე მსურს დავივიწყო საკუთარი თავის გახსენების შესახებ. ახლა მე მთელი ყურადღების, ყველა აზრის ფოკუსირება იმაზე მსურს, რომ არ დავრთო საკუთარ თავს ნება ავტომატურად, არაცნობიერად შევიცვალო მდგომარეობა.


ჩვენი ყურადღება შემდეგი გზით მივმართოთ: თავიდან ფეხები იწყებს ტკივილს, შემდეგ ეს შეგრძნება თანდათანობით სულ უფრო მაღლა იწევს, ისე, რომ ტკივილის სფერო ვრცელდება. ყურადღება ზურგზე გადავიტანოთ. არის თუ არა იქ ადგილი, სადაც ეს შეგრძნება ლოკალიზდება? მისი შეგრძნება მხოლოდ მას ძალუძს, ვინც მართლაც უხერხული, უჩვეულო პოზა მიიღო.


და აი, როდესაც უსიამოვნო შეგრძნება სხეულის შიგნითაა, განსაკუთრებით ზოგიერთ ადგილას, უკვე გვაქვს შედეგები, ჩემს გონებაში უკვე ჩნდება აზრები: „მე მსურს, ძლიერ მსურს, რომ აუცილებელია საკუთარი თავის გახსენება. მე მსურს! შენ – ეს მე ვარ, ჩემი სხეული!“ მე ვეუბნები სხეულს: „შენ. შენ – ეს მე ვარ. შენ – ეს მეც ვარ. მე მსურს!“


მსურს, რომ შეგრძნებები, რომლებსაც ახლა განიცდის ჩემი სხეული, – და ასევე ნებისმიერი მსგავსი შეგრძნება – მსურს რომ ისინი შემახსენებდნენ: „მე მსურს! შენ – ეს მე ვარ. მე მსურს! მე მსურს მახსოვდეს, რომ მსურს საკუთარი თავის გახსენება“.

 

ფეხებმა დაიძინეს. მე ვდგები.


„მე მსურს გახსენება“.


დაე, ისინიც, ვისაც ასევე სურს ეს, წამოდგნენ. „მე მსურს საკუთარი თავის გახსენება“.

 

ყველა ეს შეგრძნება საკუთარი თავის გახსენების შესახებ შემახსენებს.


ახლა ჩვენი შეგრძნებები სხვადასხვა ხარისხით შეიცვლება. დაე, ყოველი ხარისხი, ამ შეგრძნებების ყოველი ცვლილება საკუთარი თავის გახსენებას შემახსენებდეს. იფიქრეთ, ნაბიჯი გადადგით. იარეთ ირგვლივ და იფიქრეთ. ჩემი უხერხული

 

მდგომარეობა განქარდა.


მე სხვა მდგომარეობას ვიღებ.


პირველი: „მე“. მეორე: „მსურს“. მესამე: „გახსენება“. მეოთხე: „საკუთარი თავის“.

 

მე, უბრალოდ „მე“ გონებაში.


„მსურს“ – მე ვგრძნობ. ახლა ის ვიბრაციები გაიხსენეთ, რომლებიც თქვენს სხეულში წარმოიქმნება, როდესაც საკუთარ თავს ამოცანას უსახავთ მომდევნო დღისთვის. იმის მსგავსი შეგრძნება, რომელიც ხვალ წარმოიქმნება, როდესაც თქვენს ამოცანას გაიხსენებთ, უნდა წარმოიქმნას ახლაც, თუმცა ნაკლები ხარისხით. მე ამ შეგრძნების გახსენება მსურს. მაგალითად, მე მსურს წავიდე და წამოვწვე. ამაზე დაფიქრებისას სასიამოვნო შეგრძნებას განვიცდი. ამ მომენტში მე ნაკლები ხარისხით განვიცდი ამ სასიამოვნო შეგრძნებას მთელ სხეულში. თუ ყურადღებიანი ვიქნებით, ჩვენ ცხადად დავინახავთ საკუთარ თავში ამ ვიბრაციას. ამისათვის აუცილებელია ყურადღების მიქცევა იმაზე, თუ რა სახის შეგრძნებები ჩნდება სხეულში. მოცემულ მომენტში ჩვენ გონებრივი სურვილის გემოს გაგება გვჭირდება.


როდესაც თქვენ ამ ხუთ სიტყვას წარმოთქვამთ: „მე მსურს საკუთარი თავის გახსენება“, მინდა, რომ განიცადოთ ის, რის შესახებ ახლა ვისაუბრებ.


როდესაც თქვენ წარმოთქვამთ სიტყვას „მე“, თქვენ წმინდად სუბიექტურ შეგრძნებებს განიცდით თავში, მკერდსა და ზურგში, შესაბამისად მდგომარეობისა, რომელშიც მოცემულ მომენტში იმყოფებით. არ არის საჭირო წარმოთქვათ „მე“ წმინდად მექანიკურად, როგორც მხოლოდ სიტყვა; მისი რეზონანსი უნდა აღნიშნოთ საკუთარ თავში. ეს ნიშნავს, რომ, როდესაც ამბობთ „მე“, თქვენ ყური უნდა მიუგდოთ შინაგან შეგრძნებას და დააკვირდეთ, რომ არასოდეს წარმოთქვათ სიტყვა „მე“ მექანიკურად, რაოდენ ხშირადაც არ უნდა მოგიწიოთ მისი გამეორება.


მეორე სიტყვა: „მსურს“. მთელი სხეულით შეიგრძენით თქვენს სხეულში წარმოშობილი ვიბრაცია. 


„გახსენება“. ყოველი ადამიანი, როდესაც რაღაცას იხსენებს, იოლად იგრძნობს განსაკუთრებულ პროცესს მკერდის შუაგულში.


„საკუთარი თავი“. როდესაც მე ვამბობ „საკუთარი თავი“, ვგულისხმობ საკუთარ თავს მთლიანად. ჩვეულებრივ, როდესაც მე წარმოვთქვამ სიტყვებს „საკუთარი თავი“, ამის ქვეშ აზრს, გრძნობას ან სხეულს ვგულისხმობ. ახლა კი აუცილებელია, რომ ყველაფერი ერთად ვიგულისხმოთ: ატმოსფერო, სხეული და ყველაფერი, რაც მასში მყოფობს.


ხუთივე სიტყვას და თითოეულს ცალ-ცალკე თავისი ბუნება და თავისი რეზონანსი აქვს.


თუნდაც, ოთხივე სიტყვა ერთსა და იმავე ადგილში რეზონირებდეს, ასეთ რეზონირებას განსხვავებული ინტენსივობა ექნებოდა. ჩვენი ცენტრები გალვანურ ბატარეებს ჰგავს, რომელთაგან, როდესაც ღილაკს ვაჭერთ, გარკვეული დროის განმავლობაში დენი მოდის. შემდეგ დენი წყდება და ხელი უნდა ავიღოთ ღილაკიდან, რათა საშუალება მივცეთ ბატარეას კვლავ დაიმუხტოს ელექტრობით.


მაგრამ, ჩვენს ცენტრებში ენერგიის ხარჯვა უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე გალვანურ ბატარეაში. ამ ცენტრების მიერ, რომლებიც რეზონანსს ქმნიან, როდესაც ამ ხუთი სიტყვიდან რომელიმეს წარმოთქვამთ, სრულდება გარკვეული სამუშაო, ამიტომ მათთვის აუცილებელია დასვენება, თუკი გვსურს, რომ მათ რეაგირების უნარი შეინარჩუნონ. ყოველ ზარს თავისი ბატარეა აქვს. როდესაც მე წარმოვთქვამ სიტყვას „მე“, ერთი ზარი პასუხობს, „მსურს“ – მეორე ზარი, „გავიხსენო“ – მესამე ზარი, „საკუთარი თავი“ – ერთობლივი ზარი.


მცირე ხნის წინათ თქვენ გითხრეს, რომ ყოველ ცენტრს საკუთარი აკუმულატორი აქვს. გარდა ამისა, ჩვენი მექანიზმი შეიცავს საერთო აკუმულატორსაც, რომელიც არ არის ცენტრების კუთვნილ აკუმულატორებზე დამოკიდებული. საერთო აკუმულატორის ენერგიის გენერირება მხოლოდ ისეთ დროს ხდება, როდესაც ყველა აკუმულატორი გარკვეული კომბინაციითა და ერთმანეთის მიყოლებით მუშაობს. ამ საშუალებით ხდება საერთო აკუმულატორის დამუხტვა. ასეთ შეთხვევაში ის იქცევა აკუმულატორად ამ სიტყვის სრული აზრით, რადგან აქ გროვდება და ინახება სარეზერვო ენერგია იმ მომენტებში, როდესაც მისი რომელიმე სახეობა არ იხარჯება.


ჩვენი ერთი საერთო თვისება იმაში მდგომარეობს, რომ ცენტრების აკუმულატორთა ენერგიით შევსება იმ ოდენობით ხდება, რა ოდენობითაც იგი იხარჯება, ასე რომ, მასში არასოდეს არის იმ ოდენობაზე მეტი ენერგია, რაც დაიხარჯა.


საკუთარი თავის გახსენების შესახებ მოგონების გახანგრძლივება იმის წყალობით შეიძლება, რომ ჩვენში დაგროვებულ ენერგიას ვაიძულებთ უფრო დიდხანს იყოს შენარჩუნებული, რათა შეძლოს ამ ენერგიის მარაგის გამომუშავება.

 

 

 

 

 


კომენტარები