ფილოსოფიის შესავალი

ფილოსოფიის შესავალი

ლუკა ბაკურაძე – სტუდენტი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

 

ავტორი გულისხმობს 2019 წელს გამომცემლობა „აქტი“-ს მიერ გამოცემულ კარლ იასპერსის წიგნს – „ფილოსოფიის შესავალი“.

 

წიგნის დეტალური დათვალიერება

კარლ იასპერსი „ფილოსოფიის შესავალი“ (ჩემი ინტერპრეტაციით)

 


კარლ იასპერსი გერმანელი ფილოსოფოსი, თეოლოგი და ფსიქიატრი იყო, მან აღნიშნულ სფეროებში თავისი სიტყვა თქვა. ზოგის აზრით, ის ყველაზე დიდი გერმანელი ეგზისტენციალისტი გახლდათ, თუმცა თავად არ იზიარებდა ამ მოსაზრებას, ალბათ, ამის განმაპირობებელი სხვა დიდი გერმანელი ეგზისტენციალისტები იყვნენ.

გერმანელი მოაზროვნის წიგნი – „ფილოსოფიის შესავალი“ თანაბრადაა საინტერესო ფილოსოფიით დაინტერესებული ადამიანებისთვისაც და უბრალოდ კითხვის მოყვარულთათვისაც, რადგან წიგნი არ არის დიდი მისი მოცულობით და ასე თუ ისე მარტივადაც არის დაწერილი, მიუხედავად იმ ფილოსოფიური სიღრმეების, რასაც კითხვისას შევხვდებით.


ნაწარმოების დეტალურად განხილვა დიდ დროს მოითხოვს და ალბათ, არც არის მკითხველისთვის დიდად საინტერესო, ამიტომ რამდენიმე თავს გამოვყოფ და იმ თავებზე ვისაუბრებ.

 

 

თავი I

რა არის ფილოსოფია?


წიგნის დასაწყისშივე ფილოსოფიის საგანზე და მის პერსპექტივებზეა საუბარი, ცალსახად არის განხილული თემა, თუ რამდენად შეიძლება ფილოსოფია ისევე უნივერსალური იყოს, როგორც მეცნიერება, რამდენად არის შესაძლებელი ფილოსოფოსები ერთი საწყისი წერტილიდან ამოდიოდნენ და ერთ ჭეშმარიტებას მიჰყვებოდნენ, ან ინტერპრეტირებდნენ, როგორც ამას მატერიის შემსწავლელი მეცნიერები აკეთებენ.


ფილოსოფიის თავისებურება, რომ ის ხშირად რელატივისტურია1 სხვადასხვა გონში,2 უდიდეს ფილოსოფოსებსა, თუ მცირეწლოვან ბავშვებში – ქმნის იმ სპეციფიკას, რაც სულის ხმოვანებასთან მოდის კორელაციაში3 და ჭეშმარიტება აღმოვლინდება ინდივიდუალურად ადამიანის ცნობიერ მდგომარეობაში.


მეცნიერებასა და ჩვენთვის საინტერესო და ამჟამად განხილულ საგანს შორის განსხვავება ისაა, რომ მატერიის შესწავლა და უშუალოდ არსებული საგნების კვლევა გვაძლევს პროგრესს. რაც შეეხება ფილოსოფიას, ეს უკანასკნელი დიალექტიკურად4 ვითარდება, თუმცა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა მაინც იმდენად შეუძლებელია, რომ პროგრესი, როგორც საყოველთაო ჭეშმარიტებისკენ ლტოლვის შედეგი – ფაქტობრივად არ მიმდინარეობს. ფილოსოფიას აქვს თავის დამახასიათებელი ნიშნები და თავად სიტყვის კონცეფციისას რამდენიმე განსაზღვრება არსებობს, რომლებიც ბევრისთვის უპირობოდ აუცილებელია. მათ შორის რამდენიმეს გამოყოფს ავტორი:
პირველი მოსაზრება – ფილოსოფია ყველასთვის საწვდომი უნდა იყოს, რამდენადაც ის აზროვნებას გამოხატავს და აზროვნება ადამიანისთვის დამახასიათებელია, მიუხედავად მისი განათლებისა. ამ მოსაზრების მიხედვით, ყველას შეუძლია ფილოსოფოსობა, უშუალოდ მისსავე ემპირიულ გამოცდილებაზე დაფუძნებით, მიუხედავად იმისა იცის თუ არა მან გარკვეული საგნების ობიექტური არსი (რამდენად სპეციფიკურადაც არ უნდა ჟღერდეს).
მეორე მოსაზრება – ფილოსოფია ყოველ სიცოცხლეში საწყისიდან უნდა იწყებოდეს და აზროვნება დამოუკიდებლად უნდა ვითარდებოდეს, ამ მხრივ ბავშვების შეკითხვები სამყაროსთან დაკავშირებით და მათი ფილოსოფოსობა მოჰყავს ავტორს მაგალითად. ასევე პარალელს ავლებს გენიის არსებობაზე ბავშვებში, რომელიც დიდობაში იკარგება.
მესამე მოსაზრება – როგორც ბავშვებში, ასევე სულიერ ავადმყოფებში ვნახულობთ ფილოსოფოსობას და ზოგჯერ ეს ფილოსოფოსობა გენიალურ შემოქმედებაშიც ჰპოვებს ვლენას.
მეოთხე მოსაზრება – ფილოსოფია აუცილებლობაა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს და მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, მეტიც ადამიანები რომლებიც უარყოფენ ფილოსოფიას, ისინიც გაუცნობიერებლად ფილოსოფოსობენ.

მომდევნო ნაწილში, კარლ იასპერსი საუბრობს სიტყვა ფილოსოფიის სემანტიკასა5 და მის დატვირთვაზე, მის წარმოშობაზე ბერძნულ ფესვებში. ფილოსოფია სიბრძნის სიყვარულია, შემეცნების სურვილი და ამ მხრივ ის ჭეშმარიტებასთან – შემეცნების მეოხებით არის კავშირში. გათვალისწინებით ჭეშმარიტების თანაზიარობისა, ფილოსოფია გზაა არსებულ რეალობაში საკუთარი ყოფიერების6 გაცნობიერებისა და მნიშვნელობის მიცემისთვისაც. საგულისხმოა, ფილოსოფია დიალექტიკურია, ის მტერია ისეთი უნივერსალიების, რომელიც კრძალავს აზროვნებას, შემეცნების სიყვარულს, ამ მხრივ იდეალისტური, თუ მატერიალისტური სიმყარეები, რაც ერთი მხრივ, როგორც ნიცშე იტყოდა, სისხლიანი თეოლოგების ამპარტავნებით არის ნაწარმოები, მეორე მხრივ – მატერიის პერსპექტივების ინტერპრეტაციებით თავად ფილოსოფიის ხასიათის საწინააღმდეგოა.


რადგან ეს საგანი დიალექტიკურია, მისი მტერი იყო ერთ დროს ეკლესია, სხვა დროს უღმერთო მატერიალისტური პოლიტიკური იდეოლოგიები. როგორც თავად ავტორი ამბობს: „მიმზიდველ ძალას იმქვეყნიური სამყაროსი, რომელიც მოვლენილი ღმერთითაა განათებული, და ყოვლისშემძლეობის პრეტენზიის მქონე ხელისუფლებას უღმერთო ამქვეყნიური სამყაროსი – ერთსაც და მეორესაც სურს, რომ ფილოსოფიამ შეწყვიტოს არსებობა.“



 

თავი II

ფილოსოფიის წარმოშობა


მეორე თავის დასაწყისში განხილულია საგნის წარმოშობისა და საწყისის, როგორც სიტყვების მნიშვნელობა, შესაბამისად მსჯელობას დასაწყისშივე აქვს კონკრეტული სემანტიკური შემჭიდროვება, რათა უკეთ გასაგები გახდეს მსჯელობა.


საუბარი მალევე პლატონის მოსაზრებით გრძელდება, რის მიხედვითაც განცვიფრებისგან იშვა ფილოსოფია, აქვე ნახსენებია არისტოტელეს გადააზრება და ისტორიული, წმინდად ენციკლოპედიური პარალელები.


ფილოსოფიის წარმოშობასთან დაკავშირებით აუცილებელია განვიხილოთ მისი როლიც ადამიანურ ცხოვრებაში და აუცილებლობა მისი, ამ მხრივ ეს ზემეცნიერება წააგავს გამოღვიძებას – ცნობიერების ვლენას; არცოდნისგან მიღებული აფექტის გადაზრდას ცოდნის სურვილში და შემდეგ წმინდად დიალექტიკურ მეთოდებს გნოსეოლოგიურ7 სფეროში. აქვე სახსენებელია გნოსეოლოგიური ასპექტიც ამ თავის, სადაც ვაწყდებით აზროვნების პრობლემატიკასა და არსებობის სიზმრისეულ ზმანებად მოხსენიების სიმცდარესაც, რაც განხილულია რამდენიმე ჭრილში, ერთ-ერთი კი დეკარტეს ცნობილი თეზისია „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“, რის მიხედვითაც უშუალოდ აზროვნების მომენტში ვლიდნება არსებობის ფენომენი,8 რაც დაეჭვებას არ ემორჩილება და უთუოდ სისწორეა. საინტერესოა მსჯელობა ფილოსოფიის ისტორიის ასპექტში, რაც გულისხმობს ამ საგნის წარმოშობის მიმართ დამოკიდებულებებს, მაგალითად სტოიცისტების აზრიც შეგვხვდება წიგნში. სტოიკოსი ეპიქტეტეს აზრით, ფილოსოფიის წარმოშობა კავშირშია საკუთარი სისუსტისა და უმწეობის აღმოჩენასთან. არც უნდა გვიკვირდეს სტოიცისტების ეს დამოკიდებულება იმის გათვალისწინებით, რომ სტოიციზმი ფაქტობრივად გზაა ტანჯვისგან თავის ასარიდებლად, ამასთანავე დეტერმინისტულია და ჩემი აზრით, ერთგვარი ნიჰილიზმისგან შთაგონებული ბრმა ხედვაა, რომელიც რუტინით ცდილობს გაქცევას იმისგან, რაც არასწორად იქნა აღქმული! სიცოცხლის ტანჯვად გააზრება არა თუ რაციონალური, არამედ ფსიქიკური ავადმყოფობის გამოძახილია, რაც სტოიციზმის შემთხვევაში მატერიალისტური სიცივითა და ილუზიური დეტერმინიზმით ავლენს თავს. ამ თავში ავტორი ასევე წერს ფილოსოფიის მნიშვნელობაზე, მისი აზრით, არც ერთი ინსტიტუტი ისე არ იცავს სუსტებს, ან სამართალს, როგორც ფილოსოფია, რადგან ფილოსოფია ჭეშმარიტების გარკვეულწილად ემპირიული განცდაა. ფილოსოფოსს არ შეუძლია აიტანოს ის, რაზეც რიგ შემთხვევებში თვალს დახუჭავს სახელმწიფო, ეკლესია, ან სხვა... ამის მაგალითი მსოფლიო ისტორიაც არის და ფილოსოფიას შეწირული მოაზროვნეები, უპირველეს ყოვლისა კი ჭეშმარიტების აპოლოგეტი9 – სოკრატე.

 

ფილოსოფია რელიგიებისგან განხსვავებით, არ იძლევა იმ რწმენას – დარწმუნებულობას, ან თუნდაც თავისუფლების ისეთ მკაფიო ცნებას, როგორც რწმენით ნაწარმოებ მსოფლმხედველობაშია ეს, ამიტომ ფილოსოფიის ხასიათი ყველაზე მეტად დიალექტიკურია. საინტერესო მონაკვეთია ამ თავში განსაკუთრებით ეს: „პლატონი და არისტოტელე გაოცებიდან გამომდინარე ეძიებდნენ სამყაროს არსს. დეკარტე უცნობის უსასრულობაში ეძებდა იძულებით სარწმუნო საფუძველს. სტოიკოსები არსებობის სატანჯველში ეძებდნენ სულიერ სიმშვიდეს. თითოეულ გზას აქვს საკუთარი ჭეშმარიტება, რომლის ენა და წარმოდგენა ისტორიულ სამოსშია შემოსილი. ისტორიულად ვითვისებთ რა მათ, პირველსაწყისებს ვაღწევთ, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენში.“


ამ თავის დასკვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილოსოფიაში რთულია ისეთი საფუძვლების პოვნა, რაც უტყუარობას გვანიჭებს, ამ მხრივ ღმერთიც არ ავლენს თავს ისე, როგორც რელიგიებში, რადგან თითქოს დახშულია მისთვის ის რაციონალური ზღვარი, რასაც ეს მეცნიერება აწესებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ირაციონალურია მოაზროვნის მსჯელობა. ბრმები უნდა ვიყოთ, ვთქვათ თითქოს არ არსებობს საზღვარი, თუნდაც რელაციური – სისწორე და მცდარი აზრი.


ჩემი აზრით, ჭეშმარიტების რელატივისტური საფუძველი, რაც ციტირებაში გვხვდება, მეტად ანამნეზისური10 ხასიათისა და მისი დიფერენციალური11 მნიშვნელობის დამსახურებაა, ვიდრე უნივერსალური ჭეშმარიტების არარსებობის, ან ასეთ კონტექსტში განსაზღვრულობის.

 

 

თავი III

ყოვლისმომცველი


ამ თავის დასაწყისში სუბსტანციის პრობლემაზეა მსჯელობა, აქაც ისე, როგორც არისტოტელეს „მეტაფიზიკაში“ მოკლედ არის განხილული სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობები, უფრო მეტად კი ფილოსოფოსების აზრი სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით. იასპერსი გამოყოფს თალესს, ფილოსოფოსს, რომლის აზრითაც, სამყარო წყლისაგან შეიქმნა. ონტოლოგიურ12 სირთულეებთან, არსისა და მატერიის შესახებ აზრებთან დაკავშირებით საჭიროა გარკვეული კონცეფცია, რასაც იასპერსი საკმაოდ ეფექტურად, მაგრამ მაინც ცოტა არამკაფიოდ და რთულად წერს. ის იყენებს ცნებას – ყოვლისმომცველს.

გნოსეოლოგიისა და ონტოლოგიის თავისებურებებზე საუბრისას, ავტორი არტურ შოპენჰაუერსაც ახსენებს. შოპენჰაუერი თვლიდა; არ შეიძლება არსებობდეს სუბიექტი ობიექტის გარეშე, ან პირიქით, ამ მხრივ კორელაციებზე აკეთებს იასპერიც აქცენტს სუბიექტსა და ობიექტს შორის.

მისი აზრით, სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთობაში გარკვეული დინამიკაა და ამ დინამიკის ათვისება გვაკავშირებს ყოვლისმომცველთან, რაც რთულად ავლენს თავს. ყოვლისმომცველთან შეხება მისტიკის პროპორციულია, როგორც იასპერსი წერს და იმოწმებს პლოტინის ერთ-ერთ თეზისს ღმერთთან დაკავშირებით. აქვე განსასხვავებელია ყოვლისმომცველის ვლენა და რწმენა.

აზროვნების ამ კონტექსტში მიმოხილვა გვაკავშირებს მეტაფიზიკის ცნებასთნაც. გერმანელი ფილოსოფოსის აზრით, მეტაფიზიკა ვერბალურ13 ფორმებში გადმოსცემს ჭეშმარიტებებს, თუმცა არ უნდა გაგვიტაცოს ლინგვისტიკის14 შესაძლებლობებმა და ისე პოეტურად არ უნდა განვიხილოთ საკითხები, როგორც (ალბათ) ამას სიორენ კირკეგორი აკეთებდა, ან ემილ ჩორანი. ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესოა ლუდვიგ ვითგენშტაინის წიგნი – „ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატი“, სადაც ლინგვისტიკისა და ლოგიკის მნიშვნელობაზეა გამახვილებული ყურადღება.

 

 


თავი IV

აზრი ღმერთის შესახებ


წიგნის მეოთხე თავში საუბარია ღმერთის შესახებ, როგორც ცნების,15 როგორც მასთან გონის ურთიერთობისა და თავად ღვთაების წარმოშობის თემატიკაზე, რომელსაც დასავლურ ცივილიზაციაში ბიბლია და ბერძნული ფილოსოფია აქვს წყაროდ. ბერძნულ ფილოსოფიაში, ცხადია, ყველაზე მეტად პლატონი იგულისხმება, რადგან ისაა შემოქმედი დემიურგის16 ცნების, რომელიც საკმაოდ წააგავს ბიბლიურ ღმერთს. საინტერესოა პლატონის წიგნი „ტიმეოსი“, სადაც ანგელოზებსაც ვნახულობთ და განსაკუთრებით საინტერესოდ არის გაშლილი იდეა შემქმნელის.


თავი ღმერთის წარმოშობაზე საუბრით იწყება. ღმერთის წარმოშობაში იგულისხმება რელიგიის ისტორია და მისი შექმნის წინაპირობები, ამ მხრივ ნახსენებია ძველი ბერძენი ფილოსოფოსები და რამდენიმე ამონარიდსაც ვნახავთ ბიბლიიდან, კარლ იასპერსის კონცეფციით გაშლილს.


რელიგიის ისტორიისა და მოკლე კონცეფციების გარდა, მნიშვნელოვანია იასპერსის აზრი თეოლოგიასთან, რელიგიასა და ფილოსოფიასთან მიმართებაში, როგორც ერთმანეთზე ზოგჯერ დამოკიდებელ, ხშირად კი დამოუკიდებელ მეცნიერებებზე. ავტორი უპირისპირებს თეოლოგიის შეხედულებას ფილოსოფიის შეხედულებას, ეს კი გამოხატულია თეოლოგიის აზრში, კერძოდ შეხედულებაში ღმერთის შესახებ, რის მიხედვითაც ღმერთი ქრისტეში ცხადდება. მეორე მხრივ კი დასავლური ფილოსოფია ქრისტემდელ პერიოდში გვაძლევს არგუმენტებს ღმერთის არსებობის შესახებ, ამ მხრივ საინტერესოა დაპირისპირება ამ ორი აზრისა. გერმანელი ფილოსოფოსის აზრით, შეუძლებელია ღმერთამდე მისვლა რაციონალური გზებით, აქვე იშველიებს კანტის აზრებს ღმერთის არსებობის შესახებ.

 

მომდევნო მნიშვნელოვანი თემაა თავისუფლების არსებობის პრობლემა და ღმერთის ყოფიერების გავლენა თავისუფლების არსთან დაკავშირებით. ღმერთის არსებობა შეუძლებელია ავტორის აზრით, გარეშე თავისუფლების არსებობისა, რადგან თავისუფალი ნების გარეშე აზრს კარგავს ის ხედვა, რაც მიზეზ-შედეგობრივ საიქაო სამყოფელს გვპირდება. თავისუფლების არსებობა, თავისთავად ქმნის გარკვეულ გარემოს, რაც ეგზისტენციასთან კავშირშია, ამ მხრივ რწმენაც შეუძლებელია დაიბადოს ხელოვნურად, ნამდვილი რწმენა თავისუფლებაში აღმოცენდება და რწმენით ადამიანი ძლიერდება, ის უფრო დარწმუნებულია, უფრო მყარია მისი ფსიქიკაც, რადგან არ უწევს გამუდმებული დიალექტიკოსობა/აზროვნება, რაც ფილოსოფიას ახასიათებს. ფილოსოფია ამ მხრივ არ არის გამყარებული რწმენით, პირიქით, ის უფრო გამუდმებით იმას ამოგვძახებს, რაც ისედაც ვიცოდით, უბრალოდ აქამდე ვერ ვხვდებოდით, როგორც პლატონი იტყოდა – ანამნეზისი ხდება.



 

თავი V

უპირობო მოთხოვნა


უპირობო ქმედება წარმოადგენს ქმედებას, რომელიც არ საჭიროებს ახსნას, მსჯელობას, განშორებულია ფილოსოფიურობისგან, ამ მხრივ ავტორიტეტისა, თუ ლიდერის არჩევაც ამითი აიხსნება. უპირობო ქმედებაა, როცა ადამიანები ირჩევენ ლიდერს. ლიდერის მთავარი ღირსება უნდა იყოს ყოფიერებაში აჰყვეს სიცოცხლის ძალას და არსებობისაკენ მიმართოს მართვის ხელოვნება, ხალხის რწმენაც ამ შესაძლებლობის დინამიკით იზომება, თუ ის ვერ ახორციელებს მოთხოვნას, რაც მის მიმართ აქვს საზოგადოებას – ის ფლავდება და რწმენაც ქრება.


უპირობო ქმედების წინაპირობაა რწმენა იდეის, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს ლოგიკური, ან რაციონალური – ავტორის თქმით ასეთი ქმედებაა ისტორიულობის წინაპირობაც; ომებისა თუ ღირებული, მნიშვნელოვანი ცვლილებების მაპროვოცირებელი. რწმენით შექმნილი ხედვა ახასიათებდათ ფილოსოფოსებსაც, ისეთებს, როგორებიც არიან, მაგალითად სოკრატე და სენეკა. სოკრატეს სწამდა არცოდნისა და დიალექტიკის და მისი ცხოვრება ხატება იყო სწორედ მისი ფილოსოფიის, აღსასრულიც ისეთი ჰქონდა მას, რომ მისი რწმენა ვერ შეასუსტა სიკვდილის ფენომენმა.


ქმედების წინაპირობა იასპერსის აზრით, განპირობებული და უპირობო შეიძლება იყოს, ამ მხრივ ის დღევანდელი ფსიქოლოგიის აზრსაც ემხრობა მისდა უნებურად.

დეტერმინირებული17 და დამოუკიდებელი ქმედებები ფსიქოლოგიაში არსებობს, ცხადია, სხვა სიტყვებით, როგორც მაგალითად: დამოუკიდებელი და დამოკიდებული ცვლადები, მაგრამ მაინც.


დამოუკიდებელ და დამოკიდებულ ცვლადებს შორის განსხვავება ისაა, რომ დამოკიდებული განპირობებული გარემოსგან, დამოუკიდებელი კი პიროვნების კონსტრუქციაში აღმოცენდება – თავისთავადია. იასპერსი ადამიანის სუბსტანციად ქცევას უწოდებს მდგომარეობას, როცა რწმენა ღვივდება მასში და გარკვეული აქტი უპირობოდ ხორციელდება.


უპირობო ქმედება აღმოცენდება ადამიანში და მის თავისთავადობაში, ამ მხრივ ის ატარებს ზეგრძნობად დატვირთვას, რაც ადამიანურ ბუნებაშია ჩამალული, თუმცა რთულია გავარჩიოთ აქ ავტორი გულისხმობს ადამიანის, როგორც ინდივიდის ბუნებას, თუ თავად ადამიანის თავისთავადობის ცნებას. რადგან იასპერსი განპირობებულ ქმედებას ცალკე გამოყოფს, უნდა ვივარაუდოთ, რომ განუპირობებელი/უპირობო ქმედება ზოგადად ადამიანის ამოსავალ წერტილშია, თუმცა ის გარკვეულ დიფერენციალურ ჭრილშიც ტარდება და ეს ართულებს საკითხს.


ამ ნაწილის ბოლო თავში გერმანელი ფილოსოფოსი გარკვეულ ერთ ჭრილში აქცევს უპირობო ქმედებას და ამით თითქოს გამოყოფს მის უნივერსალურ თვისებას. საუბარია განპირობებულ ქმედებებზეც, რაც კეთილისა და ბოროტის, ეთიკისა და მეტაფიზიკური გამართლების მორევშია. როგორც უკვე ვთქვით, ქმედებათა ამ ორ წინაპირობას განარჩევს გარემოსგან ნაკარნახევობა და თავისთავადობა.

 

 

 

თავი VI

ადამიანი


მოცემულ თავში საუბარია ადამიანზე და გამოყოფილია მისი შემსწავლელი მეცნიერებები, ამ მხრივ დანაწილებულია ადამიანის შესწავლადი და შეუმეცნებელი ნაწილი. შემეცნებად ნაწილად ითვლება ის, რაც მეცნიერებებშია მოქცეული, შეუმეცნებლად კი უფრო ფილოსოფიის საკითხია გამოყოფილი, რაც ეგზისტენციის თვისებებშია გამოხატული.

 

კარლ იასპერსის აზრით, თავისუფლებაში ვლინდება ადამიანის შეუმეცნებელი ნაწილი, თუმცა აქ არ გულისხმობს ის სულიერებას/მენტალობას, რადგან ამის შემსწავლელად მსჯელობის პირველ ნაწილში გამოყოფილი აქვს ფსიქოლოგია.
 

შეუმეცნებელი ნაწილია თავისუფლების ფენომენის ვლენა ადამიანში, რაც შეუძლებელია ავტორის აზრით, ღმერთის გარეშე, ამ მხრივ ღმერთი ვლინდება თვითრეფლექსში და ეგზისტენციის მგრძნობელობაში.


პიროვნება შეუძლებელია ჩამოყალიბდეს მშრალი კანონებით, ავტორიტეტებითა, თუ გაუაზრებელი რელიგიური დოქტრინებით – პიროვნება იქმნება მისი გააზრებული, ეგზისტენციისგან ნაკარნახევი მსჯელობით. ადამიანი, ავტორის აზრით, არის განხორციელებადი, ქმედებით მიღწევადი.

 

 

 

 

 

განმარტებები:

 

1. რელატივიზმი – მრავალი ჭეშმარიტების დაშვება. ანტიკურ პერიოდში სოფისტები აღიარებდნენ რელატივისტურ ჭეშმარიტებას, ანუ ინდივიდუალური სისწორის არსებობას, მათ წინააღმდეგ იყო სოკრატე, რომელიც ამტკიცებდა ჭეშმარიტების უნივერსალურობას (ერთადერთობას). სოკრატეს მოსწავლე – პლატონი ობიექტური იდეალიზმის ფუძემდებელი და უნივერსალური ჭეშმარიტების ცნების დამცველი იყო. ამრიგად რელატივიზმი უნივერსალური ჭეშმარიტების წინააღმდეგ მიმართული ხედვაა.

2. გონი – ფილოსოფიაში გონი რაციონალიზმის აღსანიშნავად იხმარება ხოლმე ხშირად, ფსიქოლოგიაში ცნობიერების გამოხატულებად ითვლება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გონი გამოხატავს სხვადასხვა მოაზროვნეთა აზროვნებას – მათეულ ხედვასა და ფილოსოფიურ სისტემებს.

3. კორელაცია – ორ ცვლადს/ცნებას შორის ერთანეთთან მიმართებას/დამოკიდებულება.

4. დიალექტიკა – აზროვნების განვითარება უშუალოდ მსჯელობით, ჭეშმარიტებისაკენ სვლა აზრთა მიმოცვლითა და დებატებით. დიალექტიკური მეთოდი იყო მაგალითად სოკრატეს მეთოდი, როცა ის საუბრით ამტკიცებდა მის სისწორეს.

5. სემანტიკა – სიტყვის მნიშვნელობის განსაზღვრება, ლინგვისტური დატვირთვა. სემანტიკური პრობლემა ეწოდება ხოლმე რაიმე ტერმინის სხვადასხვანაირ გაგებას, ან სიტყვის მნიშვნელობის ცვლილებას დროის, ან კულტურული გარემოებების ფარგლებში.

6. ყოფიერება – არსებული რეალობა. საკუთარი ყოფიერების გაცნობიერება მოიცავს საკუთარი თავის გამორკვევას არსებულ რეალობაში და მისი კონცეფციის წვდომას.

7. გნოსეოლოგია – ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც შეისწავლის გონს და მისი მუშაობის სპეციფიკას.

8. ფენომენი – ძირითადად აღინიშნება როგორც უჩვეულო მოვლენა, იდეალისტურ ფილოსოფიაში ის გრძნობით საწვდომელ/წვდომილ მოვლენას ნიშნავს.

9. აპოლოგეტი – დამცველი, მომხრე; ადამიანი, რომელიც რაიმეს დაცვის, სხვებისთის გაზიარების მიზნით გამოდის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჭეშმარიტების აპოლოგეტი ნიშნავს აბსოლუტური ჭეშმარიტების დამცველს.

10. ანამნეზისი – პლატონის ფილოსოფიაში ანამნეზისი ნიშნავს გონში არსებული ინფორმაციის აღდგენას, ანუ გახსნებას. დიდი ბერძენი მოაზროვნის აზრით, ადამიანებს თანდაყოლილი ცოდნა გააჩნიათ, მაგრამ საჭიროა ეს ცოდნა გაიხსნენონ.

11. დიფერენციალური – ინდივიდუალური, ინდივიდუალურ მნიშვნელობებამდე დასაყვანი.

12. ონტოლოგია – რეალობის, ყოველივე არსებულის შემსწავლელი ფილოსოფიური მიმდინარეობა.

13. ვერბალური – სიტყვიერი, სიტყვიერად წარმოთქმადი.

14. ლინგვისტიკა – ენის შემსწავლელი მეცნიერება.

15. ცნება – აზრი გარკვეული საგნის შესახებ, ან მისი დახარისხება, აღნიშვნა.

16. დემიურგი – ღმერთი პლატონის ფილოსოფიაში, ანუ შემქმნელი ყველაფერი არსებულის.

17. დეტერმინიზმი – მიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია. დეტერმინირებული, ანუ რაიმესგან გამოწვეული.


კომენტარები