ევრიპიდეს შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი სამშობლოს სიყვარულის თემას ეძღვნება. და, ალბათ, ეს ბუნებრივიც არის. ჩვენამდე შემორჩენილი თითქმის ყველა პიესა შექმნილია პელოპონესოსის ომის პერიოდში (ძვ.წ. 431-404 წწ.). ეს იყო ათენსა და სპარტას შორის დაძაბული და ხანგრძლივი ბრძოლა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ძველი ელადის ცხოვრების ყველა სფეროზე.
ევრიპიდეს შემოქმედების უმთავრეს თავისებურებად მისი თანამედროვეობა სახელდება, რაც უპირველეს ყოვლისა გამოვლინდა ტრაგედიებში ჰეროიკულ-პატრიოტული მოტივების მომძლავრებით, ანტიკური დემოკრატიის არასრულყოფილებისა თუ რელიგიური კრიზისის გაცნობიერების წარმოსახვით. აქედან გამომდინარე, სრულიად განსაკუთრებული იყო ევრიპიდეს დამოკიდებულება მითოსისადმი. მითი დრამატურგისთვის მხოლოდ მასალა იყო მისი თანამედროვე მოვლენების წარმოსადგენად.
ევრიპიდეს თეატრიდან მუდამ ისმოდა სამშობლოს ძალმოსილების მოსურნე დრამატურგის ხმა. ამ განცდით არის დაწერილი ტრაგედია „მავედრებელი ქალები“, რომელსაც მისი ჰიპოთესისის ავტორმა „ათენის ენკომიონი“ („სადიდებელი“) უწოდა.