ბიზანტინოლოგია, როგორც ქრისტიანული საუკუნეების ისტორიისა და კულტურის შემსწავლელი მრავალპროფილიანი ფუნდამენტური დარგი, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მუდმივი ყურადღების და კვლევის ობიექტს წარმოადგენს, რამდენადაც ამ საერთო მეცნიერული სახელწოდების ქვეშ მრავალი ქვეყნის და ერის ისტორია მოიაზრება. რაც შეეხება საქართველოს, ბიზანტინოლოგიური სიღრმისეული კვლევის გარეშე სრულყოფილად ვერ დაიწერება ჩვენი ქვეყნის ახალი ორიათასწლიანი ისტორია, მაგრამ ეს ისტორია ვერ დაიწერება, ამავე დროს, იმ მასშტაბური კონტექსტის გარეშე, რასაც მსოფლიო ისტორია გულისხმობს.
საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნულმა კავშირმა, რომელშიც ქართველოლოგიის თითქმის ყველა დარგის წარმომადგენელია გაერთიანებული – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკად. გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, დაგეგმა და 2013 წელს განახორციელა მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია, როგორც ანგარიშვალდებულმაც და როგორც უცხოელ ბიზანტინოლოგთა ბოლოდროინდელი მიღწევებით დაინტერესებულმა მხარემ.